აშშ-მა 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას

აშშ-მა 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

„ჩვენ ვზრდით ჯილდოს ნიკოლას მადუროსა და შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელოს [დაპატიმრებისთვის] 25 მილიონ დოლარამდე. გარდა ამისა, ჩვენ ვამატებთ 15 მილიონი დოლარის ახალ ჯილდოს ინფორმაციისთვის, რომელიც გამოიწვევს თავდაცვის მინისტრის, ვლადიმერ პადრინოს დაპატიმრებას“, – განაცხადეს აშშ-ის ადმინისტრაციაში.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ივლისში ჩატარდა, რომელშიც გამარჯვებულად საარჩევნო ადმინისტრაციამ ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიცია ნიკოლას მადუროს გამარჯვებას არ აღიარებს და არჩევნებში გამარჯვებულად თავის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს მიიჩნევს.

არჩევნების შედეგები არ აღიარეს აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ლათინური ამერიკის ზოგიერთმა ქვეყანამ. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც ასობით ადამიანი დააპატიმრეს.

10 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის დღეს გაერთიანებულმა სამეფომ 15 ვენესუელელ მაღალჩინოსანს, მათ შორის, მოსამართლეებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ხელისუფლების განცხადებით, სანქცირებული პირები პასუხისმგებელი არიან ვენესუელაში დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ ლემიმ მადუროს რეჟიმს „თაღლითური“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები