„შამპავატის დემონი“ – ისტორიაში ყველაზე სისხლისმსმელი ვეფხვის ისტორია

მე-20 საუკუნის დასაწყისში ინდოეთის ბევრ რეგიონში ადამიანებზე ვეფხვის თავდასხმის შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ ჯუნგლებში მცხოვრები ათეულობით კაციჭამია მტაცებელს შორის განსაკუთრებით ერთი ვეფხვი გამოირჩეოდა. მას „შამპავატის დემონს“ ეძახდნენ. სულ სისხლისმსმელი მტაცებლის 436 მსხვერპლი აღირიცხა, რამაც ეს ვეფხვი ძუძუმწოვრებს შორის მკვლელობების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი გახადა.

„შამპავატის დემონის“ ისტორია არა ინდოეთში, არამედ მეზობელ ნეპალში დაიწყო. მე-20 საუკუნის პირველ წლებში ქვეყანაში ვეფხვის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. რამდენიმე წლის განმავლობაში, ინდოეთის მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრები, დაახლოებით, 200 ადგილობრივი გლეხი დაიღუპა. მალე გაირკვა, რომ დამნაშავე მხოლოდ ერთი მტაცებელი იყო – დიდი ვეფხვი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარებისთვის სამხედროებს მიმართა. მათ მოაწყვეს გრანდიოზული „დარბევა“, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. მხოლოდ ის მოხდა, რომ ვეფხვმა გადალახა საზღვარი და ინდოეთის ტყეებში დაიკარგა. მალე მან არა მხოლოდ საკუთარი თავი გაამჟღავნა, არამედ კიდევ უფრო დაუნდობლად დაიწყო ადამიანებთან ურთიერთობა.

მტაცებელს „შამპავატის დემონი“ იმ ტერიტორიის გამო დაარქვეს, სადაც ადამიანებზე ნადირობდა. მუდმივი საფრთხისგან თავის დასაღწევად 1907 წელს ინდოელებმა დასახმარებლად მიიწვიეს ცნობილი ბრიტანელი მონადირე, პოლკოვნიკი ჯიმ კორბეტი. ის მამაცი და გამოცდილი მონადირე გახლდათ, რომელიც არაერთხელ დაუქირავებიათ საშიში ვეფხვებისა და ლეოპარდების მოსაშორებლად.

კორბეტის სოფელში ჩამოსვლა მტაცებლის მორიგ თავდასხმას დაემთხვა. ვეფხვმა მოკლა 16 წლის გოგონა და სხეული ჯუნგლებში წაიღო. მონადირე გაჰყვა სისხლიან კვალს, მაგრამ ცხოველი უფრო მზაკვარი აღმოჩნდა და თვითონ ჩაუსაფრდა მდევარს. მხოლოდ იარაღის გამოყენების შესანიშნავმა უნარმა იხსნა კორბეტი სიკვდილისგან. მან რამდენიმე გასროლა მოახერხა, მაგრამ ააცილა. ამ დროს ვეფხვმა უვნებლად მოახერხა გაქცევა.

თუმცა, ჯიმ კორბეტი წამოწყებულ საქმეს შუა გზაში არასდროს ტოვებდა. მეორე დღეს შეკრიბა 300-კაციანი რაზმი და დაბრუნდა ბრძოლის ველზე. დიდხნიანი მცდელობის შემდეგ ვეფხვი მონადირესთან მიიტყუეს. მან სამი ტყვია ესროლა ცხოველს, რომელთაგან ორი მკერდსა და მხარში მოხვდა. ამან „შამპავატის დემონი“ არ შეაჩერა. ის იყო, კორბეტს უნდა შეხტომოდა, რომ მესამე ტყვიამ მხეცს თათი მოტეხა და მიწაზე დააგდო. ერთ წამში ყველაფერი დასრულდა.

წარმატებული ნადირობის შემდეგ კორბეტმა გულდასმით გამოიკვლია მტაცებელი. მან მაშინვე იპოვა მიზეზი, რის გამოც ვეფხვმა ადამიანები გარეულ ცხოველებს ამჯობინა. მისი კბილები დაზიანებული იყო, რაც ძლიერ და მოქნილ ცხოველებზე ნადირობას ართულებდა. ამიტომაც, მსხვერპლებს გლეხებს შორის ირჩევდა.

ჯიმ კორბეტმა „კარიერის“ განმავლობაში მოკლა 19 ვეფხვი და 14 ლეოპარდი. ის მხოლოდ იმ მტაცებლებზე ნადირობდა, რომლებიც თავს ესხმოდნენ ადამიანებს. ძნელი წარმოსადგენია, რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა პოლკოვნიკმა ინდოეთსა და ნეპალში. ის თავად იყო ცხოველების დიდი მოყვარული, დახვეწილი ნატურალისტი და კონსერვატორი. ამიტომაც ინდოეთში ერთ-ერთ ეროვნულ პარკს მისი სახელიც კი დაარქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები