ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში სწავლის აღდგენას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სწავლის რეალურ სივრცეში აღდგენას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი.
მისივე თქმით, სწავლის რეალურ სივრცეში აღდგენის ერთ-ერთი კრიტერიუმი, კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, თბილისში 5-6%-ის ფარგლებშია.
„მრავალმხრივ ვსწავლობთ რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სკოლების, პერსონალის, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრების მაჩვენებლებს. ყველანაირად გვინდა, რომ სწავლა რეალურ სივრცეში აღდგეს და ამაზე შემუშავებული გვაქვს ჩვენი ინდიკატორები. ერთ-ერთი ინდიკატორი არის სწორედ დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ინფიცირების ინტესიურობაზე საუბრობს. პირდაპირ გეტყვით, აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი, დღევანდელი მონაცემით, 4%-თან ახლოსაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბერს ისინი შეხვდებიან 4%-ზე ნაკლები დადებითობის მაჩვენებლით. არის ასევე ორი რეგიონი, სადაც ანალოგიური სიტუაციაა. სერიოზულად ქვემოთ მოდის ეს მაჩვენებელი თბილისშიც, სადღაც 5-6 პროცენტის ფარგლებშია. გარდა ამ მაჩვენებლებისა, კიდევ სხვა საკითხებიცაა გასათვალისწინებელი, როგორიც არის ამა თუ იმ სკოლაში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი.
იგივე ამ სკოლაში ბავშვების მშობლების აცრის მაჩვენებელი. მოვუწოდებ მშობლებს, ვისაც სკოლაში დაჰყავს ბავშვი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ აცრილი, რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში. ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, რომ ბავშვები გვყავდეს უსაფრთხო გარემოში. აუცილებელია დასწრებული სწავლების აღდგენა.
ამ პანდემიამ, გარდა უზარმაზარი ჯანმრთელობითი და ეკონომიკური დანაკარგისა, უზარმაზარი დაზიანება მიაყენა განათლების სექტორს და განსაკუთრებით, სკოლას. ბავშვებისთვის აქტიური საკლასო სწავლება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ვეძებთ ყველა გზას, რომ სწავლა დასწრებულად აღდგეს. ამიტომ, ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული განსაკუთრებული ჰიგიენური პირობები, კლასების განიავება, ხელების დაბანა, სანიტაიზერები, ტემპერატურის გაზომვა, მასწავლებლების ტესტირება. ქვეყანაში სწავლის აღდგენას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი!“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.