დაიბადა თელავში. პაპა და მამა თელავის უნივერსიტეტის ლექტორები, დედა სკოლის პედაგოგი იყო.
სკოლა მედალზე დაამთავრა. სამხატვრო, სამუსიკო და ქორეოგრაფიული სკოლებიც – წარჩინებით. პირველი თანრიგის მფლობელია სსრკ–ში 12 წლის ასაკის ბავშვთა შორის ჭადრაკში.
იყო თელავის ტელეკომპანიის ჟურნალისტი, პირდაპირი ეთერის წამყვანი, მოიგო სატელევიზიო გრანტი.
ფილოლოგიის დოქტორი და ასოცირებული პროფესორია ქართული ლიტერატურის მიმართულებით.
ვენეციის უნივერსიტეტში ერთი წელი პოსტსადოქტორო კვლევაზე იმყოფებოდა, ბოლონიის უნივერსიტეტში ორკვირიანი ლექციები წაიკითხა.
3 პოეტური კრებულის, 2 სამეცნიერო მონოგრაფიისა და 100 მდე კონფერენციისა და ნაშრომის ავტორია, ფსევდონიმით ნუციკო დეკანოზიშვილი. – პოეტის, ჟურნალისტისა და ფილოლოგის ნინო გოგიაშვილის პერსონა.
– დავიბადე თელავში. ძველ, ნამდვილ, საოცარ ქალაქში, სადაც ცხოვრება ძალიან იოლია და ძალიან ძნელი. ვცხოვრობ პაპის პაპის აშენებულ სახლში; ეს ჩემი დიდი წინაპარი – დავით გოგიაშვილი – თელავის სასულიერო სასწავლებელში კითხულობდა ლექციებს. რამდენიმე ენა სცოდნია, ფრიად განსწავლული კაცი ყოფილა. 100 წლის მოვიდა სახლშიო, ლექციებიდან, დაწვა და აღარ გაუღვიძიაო – ასე მიყვებოდა პაპიდო ემელია – ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი კაშკაშა წერტილი. პაპა – შოთა გოგიაშვილი თელავის სახელმწიფო ინსტიტუტის დეკანი იყო, ფიზიკოსი. მამა – ზურა გოგიაშვილი პედაგოგიკას კითხულობდა. ბებია – ნუციკო კევლიშვილი აფთიაქის დირექტორი გახლდათ. დედა კი – ეთერ გოგიაშვილი დაწყებით კლასებში ასწავლიდა თელავის ერთ-ერთ სკოლაში.
ძალიან მიყვარს ჩემს წინაპრებზე საუბარი, ფიქრი… ალბათ, როდესმე, დავწერ კიდეც მათზე. ამ სურვილის საფუძველია მათი განსაკუთრებული პიროვნული თვისებები და ცხოვრებისეული პერიპეტიები.
ბევრი კარგი რამ მასწავლეს ოჯახში; მათ შორის, კეთილსინდისიერება, შრომის სიყვარული და, ზოგადად, სიყვარული. კეთილშობილება კი არ ისწავლება, რადგან ის გენეტიკურად დეტერმინებული და ქრომოსომებით მოტანილია (კეთილად შობილი).
– თელავის №4 საშუალო სკოლა მედალზე დაამთავრეთ, ასევე სამხატვრო, სამუსიკო და ქორეოგრაფიული სკოლები...
– მთელი ჩემი ბავშვობა იყო სიარული სკოლიდან მუსიკაზე, მუსიკიდან ცეკვაზე, ცეკვიდან სამხატვრო სკოლაში, იქიდან – ჭადრაკზე. სახლში კი – წიგნები, წიგნები, წიგნები. ეს იყო ჩემი ოჯახის ცხოვრების წესი, სიამოვნებად ქცეული – წიგნის კითხვა და, შემდეგ, მასზე საუბარი. საბჭოთა კავშირის ინტელიგენციისთვის მიღებული აუღებელი სუფრები და ქეიფი ჩვენთან არასდროს ყოფილა და ბავშვობიდან გაცნობიერებული მქონდა დროის ფასი, შრომის სიკეთე და განათლების პრიორიტეტი.
და იყო სიყვარულის ზღვა – როდესაც ბავშვები ძალიან უყვართ ოჯახში.
– პირველი თანრიგის მფლობელი იყავით სსრკ–ში 12 წლის ასაკის ბავშვთა შორის ჭადრაკში...
– ჩემი მწვრთნელები თამარ ხმიადაშვილი და თამაზ კიკიანი იყვნენ. ბატონი თამაზი მამაჩემს ეუბნებოდა, გამატანეთ ეს გოგო თბილისში, ჩემპიონად გავზრდიო. ეს ასე არ მოხდა.
ჭადრაკი მხოლოდ თამაში კი არა, ცხოვრებისეული სტრატეგიაა. არაჩვეულებრივი თავდაცვა ვიცოდი დაფაზე, თუმცა ნაკლებად აგრესიული თავდამსხმელი გახლდით. ცხოვრებაშიც ამგვარი ვარ – არასოდეს მომივა აზრად, ვინმეს შევუტიო; თუმცა, თუ თავს მესხმიან, ჩემი თავდაცვა, შესაძლოა, თავდასხმაშიც გადავიდეს.
– რატომ გადაწყვიტეთ ფილოლოგობა?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ფილოლოგობა არ გადამიწყვეტია. რაღაცნაირად, ასე მოხდა. სამედიცინო ინსტიტუტში მინდოდა ჩაბარება, ნევროლოგია და ფსიქოლოგია მაინტერესებდა. თუმცა მოხდა ისე, რომ ადრე შევქმენი ოჯახი და შექმნილი სიტუაციის გამო, აღარ ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. მისი „ალტერნატივა“ თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი აღმოჩნდა, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება. წერა და კითხვა, როგორც ჰაერი და პური, ყოველთვის აუცილებელი და ორგანული იყო ჩემთვის. შემდეგ, აქტიურ ჟურნალისტიკაში წავედი და ტელევიზიასა და ჟურნალ-გაზეთებში ვმუშაობდი. უნივერსიტეტი, რატომღაც, დახურულ სივრცესთან ასოცირდებოდა. თუმცა დადგა დრო, როდესაც მომინდა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა და ასე გავხდი ფილოლოგიის დოქტორი.
– ერთხანს ჟურნალისტად მუშაობდით… თელავის ტელეკომპანიის ჟურნალისტი და პირდაპირი ეთერის წამყვანი რას გაიხსენებთ იმ პერიოდიდან?
– ჟურნალისტობა ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი და საინტერესო სპეციალობა გახლდათ. ბუნებით დინამიკური ვარ და მომწონდა მიკროფონით ხელში ხეტიალი, ამბები, თავგადასავლები, ინფორმაციები, ანალიზი… მქონდა საავტორო გადაცემა პირდაპირ ეთერში – „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მეოცე საუკუნის მიწურულს ჩაბნელებული კახეთისთვის. გენერატორების წყაროზე ჩართულ ტელევიზორებთან მიმსხდარი მოსახლეობისთვის არცთუ ისე ცუდ გასართობად იქცა ჩემი გადაცემა და ამას მათი პირდაპირ ეთერში აქტიური ჩართულობაც ადასტურებდა. ასევე, ვუძღვებოდი საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას და პოლიტიკურ დებატებს პირდაპირ ეთერში.
– ევრაზიის ფონდის მიერ გამოცხადებული სატელევიზიო გრანტის მფლობელი ხართ…
– 1999 წელს გამოცხადდა ევრაზიის ფონდის გრანტი – „წინასაარჩევნო დებატები პირდაპირ ეთერში“. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა: ჯერ დავწერე პროექტი, შემდეგ, ოპერატორთან ერთად, სხვადასხვა საფეხურები გავიარე. 12 ათასი დოლარის ოდენობის აპარატურა მოვიგეთ თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრისთვის“, რაც სერიოზული ტექნიკური ბაზა იყო იმ პერიოდისთვის.
– სამი პოეტური კრებულის ავტორი ხართ, ლექსები ხშირად ქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. „მისი პორტრეტია ყოველი ლექსი“, – ასე შეაფასა მაია ჯალიაშვილმა თქვენი შემოქმედება. ეთანხმებით?
– „ამინდები ბის-ზე“, „ნამსხვრევები“ და „ყველაფერზე და დანარჩენზე“ – ჩემი პოეტური კრებულების სახელწოდებებია. წიგნებს იშვიათად გამოვცემ, ცოტას ვწერ, უფრო მეტს ვფიქრობ. ხანდახან კი, საერთოდ არ ვწერ და, უბრალოდ, ვცხოვრობ, და, ცხადია, ამ დროსაც ვფიქრობ…
პოეზია თვითგამოხატვისა და სოციუმთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის – იქ ყველაზე „მე“ ვარ, და აბსოლუტურად ვეთანხმები მაია ჯალიაშვილს. თუმცა ისიც ვარ, რაც მინდა ვიყო ან ვიქნებოდი…
– პაპა და მამა თელავის უნივერსიტეტის ლექტორები იყვნენ. ოჯახური ტრადიცია გრძელდება, 2009 წლიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხართ ასისტენტ-პროფესორი ქართული ლიტერატურის მიმართულებით…
– როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ლექტორობით ოჯახური ტრადიციაც გაგრძელდა, რაც სულაც არ იყო დაგეგმილი. პაპიდა და პაპის ძმაც ლექტორები იყვნენ, დედის ძმაც ლექტორია, მხოლოდ სრულიად განსხვავებული მიმართულებებით. ეს ფაქტი, ალბათ, ისევ წიგნის სიყვარულის ტრადიციულმა, თაობიდან თაობაზე გადმოსულმა თვისებამ განაპირობა.
საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ მე ძალიან შემიყვარდა ჩემი პროფესია. მე მიყვარს უნივერსიტეტი, ჩემი სტუდენტები, კოლეგები, მიყვარს სამეცნიერო სივრცე, სადაც ბევრი რამაა შესაცვლელი… თუმცა ამ შემთხვევაშიც, ერთი კაცის – ერთი რიგითი ლექტორის პასუხისმგებლობას ვგრძნობ მთელი სიმძაფრით და ვცდილობ, უკეთესი ტენდენციები მოვიძიო და მისკენ მივმართო მთელი ჩემი პოტენციალი.
– გურამ რჩეულიშვილი თელავიდან იყო, მის შემოქმედებას საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევა უძღვენით – „სიკვდილ-სიცოცხლის ზღვრის სემიოტიკა გურამ რჩეულიშვილის პროზაში“… და მაინც, როგორ ხედავთ მას, თავისი თაობის იდეალს თქვენს წარმოსახვაში?
– გურამ რჩეულიშვილს, ბავშვობაში, წერილებს ვწერდი – ჩემს დღიურებში. ის ისევ 26 წლის იყო და თავისი საოცარი ხიბლით მაიძულებდა, მყვარებოდა; მყვარებოდა, როგორც მამების თაობის კუმირი, გამორჩეული, მამაცი, ნიჭიერი ვაჟკაცი, თავისი საოცარი აღსასრულით – კეთილშობილების მაგალითით – თავგანწირვით. სწორედ სიკვდილ-სიცოცხლის ფატალური მიჯნა და ზღვარია, რის შესახებაც წარმოვადგინე ნაშრომი და ბავშვობის მეხსიერების სკივრიდან ამოვქექე ყველა ის აღტაცება და სიყვარული, რაც რჩეულიშვილის პიროვნებისა და ლიტერატურის მიმართ მამოძრავებდა. გურამის ხიბლი ამ ზღვრული შეგრძნებების გლამურულ პრიზმაში მჟღავნდება; მეც სწორედ ამიტომ მიყვარდა ის.
– ვენეციის უნივერსიტეტში პოსტსადოქტორო კვლევა ჩაატარეთ. ბოლონიის უნივერსიტეტში წაიკითხეთ ორკვირიანი ლექციები… როგორც ლიტერატორს, ლექსმცოდნეს, მიმდინარე პროცესებიდან რა მოგწონთ?
– 2014-2015 სასწავლო წელს პოსტსადოქტორო კვლევაზე მუშაობა ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტში ბევრისმომცემი და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. „მიმდინარე ქართული და იტალიური პოეზიის კომპარატივისტული ანალიზი“ იყო კვლევის თემა; ამის გამო, ერთი წლის განმავლობაში გავდიოდი იტალიური ენის შემსწავლელ კურსს, რაც დამეხმარა, გავცნობოდი თანამედროვე იტალიელი პოეტების შემოქმედებას როგორც დედანში, ასევე, ინგლისური თარგმანების სახით და ლიტერატურულ მასალებად გამომეყენებინა ჩემს კვლევაში. 2018 წელს კი, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, წავიკითხე ორკვირიანი ლექციები ბოლონიის უნივერსიტეტში. ეს იყო ჩემთვის როგორც დიდი გამოწვევა, ასევე დიდი გამოცდილება და სამომავლო გეგმების უცვლელი შემადგენელი ნაწილი.
იტალიაში ცხოვრებისას, რომის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალზე შემარჩიეს 13 საუკეთესო პოეტთან ერთად, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც, ჩემ გარდა, იტალიელი იყო. ერთ-ერთი ცნობილი ინტერნეტ-ჟურნალის რედაქტორმა დაწერა სტატია ჩემი შემოქმედების შესახებ. ჩემი ლექსების იტალიური თარგმანები ქვეყნდებოდა ქალაქ მანტოვის პერიოდულ გამოცემაში.
მიმდინარე ლიტერატურული პროცესები ჩემი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს. ლექსმცოდნეობის კუთხით ბევრი ნაშრომი და მოხსენება მაქვს წარმოდგენილი, შესაბამისად, თავისი დასკვნებითურთ. თუმცა, ამ დასკვნების ინტერვიუში გაჟღერება არაარგუმენტირებულ სახეს მიიღებს, რაც მეცნიერებისთვის მიზანშეუწონელია. ჩემი სადისერტაციო თემაც „მუხრან მაჭავარიანის პოეზიის ძირითადი ასპექტებია“, რომელიც, მცირე კორექტივების შემდეგ, მონოგრაფიის სახით გამოვეცი 2020 წელს.
– რატომ აირჩიეთ ფსევდონიმად ნუციკო დეკანოზიშვილი?
– ფსევდონიმის ისტორია ძალიან უბრალოა: ნუციკო ჩემი საყვარელი ბებიის სახელია, ნინო დეკანოზიშვილი კი პაპის დედა გახლდათ, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და, რომელსაც, როგორც მისი თანამედროვეები აღნიშნავდნენ, ძალიან ვგავარ. ფსევდონიმში მათი მარადიული ხსოვნა და სიყვარული გავაერთიანე: გამზრდელი ბებიის და უნახავი დიდი ბებიის, რომლის ისტორიაც ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია.
– ფეისბუქგვერდზე ხშირად წერთ ქველმოქმედებაზე…
– ქვეყნის არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსით შექმნილმა სტაგნაციამ გაამძაფრა. ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შესაბამისად კი – საარსებო წყარო. დამძიმდა მარტოხელა მოხუცების და ავადმყოფების მდგომარეობა. ამის გამო, სუპერმარკეტში „ჯიბე“, მის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დავდგი საქველმოქმედო კალათა – წარწერით, სადაც მსურველები ათავსებენ პროდუქტს, საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს.
ჩემი მანქანით დამაქვს გაჭირვებულ თანამოქალაქეებთან ეს პროდუქტი, რაც ზღვაში წვეთია, მაგრამ, მაინც.. ამ აქციას შემოუერთდნენ ჩვენი ემიგრანტები და პერმანენტულად გზავნიან თანხებს, რომლითაც პროდუქტებს ვიძენ და ფულად დახმარებასაც ვახერხებ. გვერდში ჩემი მეგობრებიც მიდგანან და ოჯახის წევრებიც.
– ჰობი…
– იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და დავრბივარ ღია სივრცეში, ასევე, ვთამაშობ ჩოგბურთს. ვხატავ და ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლო წლებში, დროის დეფეციტის გამო, ამას ვეღარ ვახერხებ.
– ოჯახი…
– მყავს დედა. მყავს ძმა. მყავს მეუღლე. მყავს ქალიშვილი – თეკლა და შვილიშვილი – ნუციკო. სულ მალე, მეორე გოგონას ველოდებით. ეს ენით აღუწერელი შეგრძნებაა; კიდევ ერთი დასტური ღმერთის დიდი მოწყალებისა…
– თელავი მშობლიური ქალაქია. რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
– თელავი ჩემი ქალაქია. ის საუკეთესოა, მთელი თავისი ქალაქური სულით, ტოლერანტობითა და კულტურით. თუმცა ამგვარი პოტენციალის მქონე ქალაქი, გაცილებით „კარგად“ უნდა გამოიყურებოდეს, ყველა თვალსაზრისით. პირველ რიგში, საჭიროა ტრადიციული კულტურული რესურსების ბრენდირება და ასე წარდგენა თანამედროვე სამყაროსათვის. ამისთვის აუცილებელია ქალაქზე, და არა მხოლოდ საკუთარ ოჯახზე მოფიქრალი და მზრუნველი ადამიანები, რომელთაც ექნებათ ჯანსაღი იდეები და მათი განხორციელების რეალურ სტრატეგიებსაც განსაზღვრავენ.
– ერთი ლექსი…
– სეზამ, გაიღე!
ვენეციაში წვიმაა, სეზამ… სეზამ, გაიღე!
გაიღე, სეზამ, მოწყალება – კარის მმტვრეველი
ყველა სალოსის, მეძავის და კათაკმეველის
ულოცველობა, უძრაობა, ვნება გაიგე.
ვარგებ გასაღებს – ( არ გარგია ჩემი წუთები! ) –
დროს, და მუხლები მიკანკალებს – სეზამ, გვხედავენ, –
როგორ ვბერდებით და ვბარდებით ხელში შენ და მე
სიკვდილს – დღეებით, წვეთ-წვეთობით, პეშვით, მუჭებით…
იცი ისიც, რომ შიშზე ვწერე, ღმერთზე, წვიმებზეც,
და მაინც, სულ სხვა წვიმა მოდის ხანდახან, სეზამ,
როცა რიალტოს ხიდის თავში ვდგავარ და გხედავ,
როგორ არ აღებ და არ მიმჩნევ, სეზამ, მიმეტებ…
შიგნიდან ვყვირი – შესამჩნევად ჩუმია დარდი –
გავშინაურდი, და ნარცისი სახლების წყება
ხელებს მიწვდის და მექაჩება, და გული მწყდება –
მიყვარდი, დღეებს მიმოკლებდი, თან როგორ მგავდი…
და როგორ ვგავართ ჩვენ ერთმანეთს – მუდამ დევნილნი,
შორს რომ წავიდე – აღმომაჩენ, ახლოს ვერ მხედავ,
რაღა აზრი აქვს ამ სიმხდალეს, სეზამ, შეხედე, –
გზა, „კაბირიას ღამეები“, ცირკი, ფელინი..
რაღა აზრი აქვს სამოთხეებს, როცა წვიმაა,
ვენეციაში წვიმაა, სეზამ, და შენ არ აღებ!
მოწყალე ხელი ფრთხილად ხურავს ვიწრო დარაბებს,
რომ არ დაგლანდო…
ვენეცია.
ხიდი.
წვიმაა.
– სამომავლო გეგმები…
– ვაპირებ ბედნიერებას…
თამარ შაიშმელაშვილი