მარინა კალიურანდი – პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე: ადრეც შევხვედრივარ მას, კარგი კოლეგები და მეგობრები ვართ, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი საუბარი შედგა

“უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ნამდვილი სიამოვნება იყო საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრა, თუმცა, ასევე უნდა ვთქვა, რომ ადრეც შევხვედრივარ მას. კარგი კოლეგები და მეგობრები ვართ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი საუბარი შედგა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მან პრემიერს ასოცირების საბჭოს ჩატარება მიულოცა. საუბარი შეეხო ასევე პოლიტიკურ კრიზისს. „პრემიერმინისტრს ასოცირების საბჭოს შეხვედრის ჩატარება მივულოცე, თუმცა ასევე შევეხეთ რთულ საკითხებს და პოლიტიკურ კრიზისს. კომპრომისის პოვნა ვთხოვე ოპოზიციასთან, რათა ბატონი დანიელსონის მისია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის ინიციატივა წარმატებით დაგვირგვინდეს. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის არის. იმიტომ, რომ ხალხმა მკაფიოდ განაცხადა ევროკავშირთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის, ტრანს-ატლანტიკური კავშირის სურვილი. ამიტომ, პარტიული ინტერესები ხალხის ინტერესების უკან დააყენონ”, – განაცხადა ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა. როგორც მარინა კალიურანდმა აღნიშნა, მისი რჩევაა, რომ შემდეგში პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხის ინტერესები პოლიტიკური ინტერესების მაღლა დააყენონ. „მე კონკრეტულს ვერაფერს შევთავაზებდი. ეს ჩემი პრეროგატივა არ გახლავთ. ჩემი რჩევა შემდეგში მდგომარეობს: ქართველი ხალხის ინტერესები პოლიტიკური ინტერესების ზემოთ დადგეს. ჩემი რჩევაა პოპულარული გადაწყვეტილებებისგან თავი შევიკავოთ ჯერ და გრძელვადიანი ინტერესები ვიქონიოთ. გრძელვადიანი ხედვა გვქონდეს საქართველოსა და ქართველი ხალხის სასიკეთოდ. მე დიპლომატი გახლავართ. მწამს მოლაპარაკებების, ერთმანეთის მოსმენის და კომპრომისების პოვნის. არსებული სიტუაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა. პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობის და მედიატორის დანიშვნის გამო გახლავთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა. დაჟინებით გთხოვთ გამოიყენოთ ეს შანსი და დაახლოვდით, მოუსმინეთ ერთმანეთს და ხალხის ინტერესებისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგით, თუნდაც არ იყოს ეს ყოველივე დღეს პოპულარული”, – განაცადა ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები