ირაკლი ღარიბაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის მომხსენებელს საქართველოზე, სვენ მიკსერს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

მათივე ცნობით, განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები. მთავრობის მეთაურმა სვენ მიკსერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებსა და ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგს. პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა კონსტრუქციული დიალოგისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა პროცესში მიუთითებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა პარტნიორებისთვის. აღინიშნა, რომ მხარეებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მიღწეულ იქნას კომპრომისული გადაწყვეტილება და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები