“ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ჩართულია ვაქცინაციის პროცესში და ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ვერ დავადასტურებ”
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მიდის.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის კონსტრუქციული ურთიერთობაა და არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.
„ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას რაც შეეხება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მონაწილე ამ პროცესის. შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მთლიანად წარმართავს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს. ეს არის უწყებათაშორისი საბჭო და მასში მონაწილეობენ, როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი. ეს არის ის მექანიზმი, სადაც განიხილება, რა გზით შეიძლება შემოვიდეს ვაქცინა და შემდეგ უკვე, მოლაპარაკების დონეზე, ჯანდაცვის სამინისტროში არის ვაქცინის შესყიდვის საბჭო, რომელიც წარმართავს შესყიდვის საკითხს. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ის იქნება შემსყიდველი, ანუ გადაიხდის თანხას და მიიღებს ვაქცინას „იუნისეფის“ მექანიზმის ფარგლებში. ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს დილით გვქონდა შეხვედრა პრემიერთან, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი და რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა. ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ“, – განაცხადა გაბუნიამ.