ამირან გამყრელიძე: ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ
“ეკონომიკის გაჩერება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვები არის ერთ-ერთი გზა მობილობის შესამცირებლად და სწორედ ამის მეშვეობით გადაიტანა ქვეყანამ გაზაფხული მშვიდად.
„დღეს ყველა აკეთებს წერტილოვან შეზღუდვებს, მაგრამ გლობალური, მასშტაბური „ლოკდაუნი“ არავის აქვს. ყველას აქვს სერიოზული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგმა სრულად დაკეტა რესტორნები. ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკის გაჩერება იქნება ძალიან მძიმე, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთი მხრივ არ გავაჩეროთ ეკონომიკური აქტივობა, არ გავაჩეროთ სწავლა, დისტანციურზე აქტიურად უნდა იყოს გადასული და არის, მაგრამ უკვე იცით, დამკვიდრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ასეთი თეზა, რომ ყველაზე გვიან იკეტება სასწავლებლები და ყველაზე ადრე იხსნება სასწავლებლები იმიტომ, რომ არ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის თაობა იყოს გაუნათლებელი. ამიტომ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ანუ ვმართოთ პანდემია“, – განაცხადა გამყრელიძემ.