ეკატერინე ტიკარაძე: შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მერვე დღეს, თუმცა, სიზუსტისთვის, მე-12 დღეს ტესტირება საჭიროა
“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მერვე დღეს, თუმცა სიზუსტისთვის, მე-12 დღეს ტესტირება საჭიროა”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკარანტინე ვადის შემცირების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, კარანტინის ვადის შეზღუდვა ინფექციის ფართომასშტაბიან გავრცელებას არ გამოიწვევს.
„ამ შემთხვევაში, მოქალაქე გადაგვყავს სტაციონარში და ექიმები იწყებენ მკურნალობას, იმ შემთხვევაში, თუ მას მსგავსი ესაჭიროება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა საკარანტინო პირობებში, ასევე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის ღონისძიებებს. ამ გადაწყვეტილებაზე ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა უკვე რამდენიმე კვირაა. ჯანდაცვის სამინისტრო იყო ინიციატორი რომ მსგავსი ცვლილება განგვეხორციელებინა. დღეს საბჭომ დამატებით განიხილა და გამომდინარე იქიდან, რომ არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და ითვლება, რომ ეს არის უსაფრთხო და უკვე კვლევებზე დაყრდნობილი ღონისძიებები, საბჭომ მოგვცა ამასთან დაკავშირებით თანხმობა, დღეს გავაგრძელებთ დადგენილებაში ცვლილების შეტანას და დადგენილებაში ცვლილების შეტანისთანავე ამოქმედდება ეს ღონისძიება. დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს კვლევები, როგორც ევროპული ქვეყნებიდან, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მერვე დღეს, თუმცა უფრო სიზუსტისთვის, გვესაჭიროება მე-12 დღეს ტესტირება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში საკარანტინე პერიოდი 8 დღემდე შემცირდა.