ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.
მისივე თქმით, ინფიცირების სტატისტიკა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს.
„ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“,-განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიებები გატარდება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
„გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. ამ შეხვედრის შემდეგ მაქვს კონკრეტული შეხვედრა საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.