„თბილისიდან რაჭაში დაბრუნებას არ ვნანობ“ – ზურა სხირტლაძის გზა არქიტექტორობიდან ოსტატობამდე

ზურა სხირტლაძე პროფესიით არქიტექტორია, წლების მანძილზე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 90 წლებში საქართველოში შექმნილი სირთულეების გამო, არქიტექტორობა გვერდზე გადადო და ერთ-ერთ საამქროში ხის დამუშავების მიმართულებით ყველა დაზგაზე მუშაობას დაეუფლა. საკუთარ ისტორიას ოსტატი “რეგიონულ კვირას” უყვება.
“90 წლებში ჩემი არქიტექტორობა აღარავის არაფერში სჭირდებოდა, იძულებული გავხდი პროფესია შემეცვალა და ერთერთ საამქროში წავედი,ყველა დაზგაზე შევისწავლე მუშაობა და ხის დამუშავების საქმეს შევუდექი, იმ პერიოდში უფრო შემოსავლიანი საქმე ეს იყო”,- ჰყვება ოსტატი.

გაჭირვებაში ნასწავლი პროფესია ახლა ძალიან წაადგა. თბილისიდან მეუღლესთან ერთად რაჭაში დაბრუნებულმა, შეიტყო, რომ ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ხის დამამუშავებული საწარმო ფუნქციონირებდა, ოსტატი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ცენტრში დაასაქმეს და რაჭული ორნამენტებით დამშვენებულ ხის ნაკეთობებს 10 შეგირდთან ერთად ქმნის.
„შექმნილი მდგომარეობის გამო, რაჭაში მეუღლესთან ერთად დაბრუნება მომიწია. აქ ბინა გვაქვს. წამოვედი, რომ აქაურობისთვის მიმეხედა და ჩემს კუთხეში რამე ღირებული გამეკეთებინა.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში ხის საამქროში ტრენერად ამიყვანეს. 10 მოსწავლე მყავს და მათთან ერთად ნაკეთობებს ვაკეთებ. თითქმის ყველა ნივთში რაჭისთვის დამახასიათებელი ორნამენტები ფიგურირებს“-აღნიშნავს ზურა სხირტლაძე.

პანდემიის დროს მუშაობის ახალ სტილზე გადავიდნენ-გაკვეთილები ონლაინ სივრცეში განაგრძეს და არც ერთი მეცადინეობა არ გაუცდენიათ.
სხვადასხვა დეტალებს სახლში ამზადებენ მოსწავლეები, შემდეგ მივდივარ, მომაქვს და საამქროში სრულყოფილ სახეს ვაძლევ. გირჩისგან, რომელიც რაჭის ბიზნესის სიმბოლოდ ითვლება, იშვიათი სანათი გამოგვივიდა“, – ამბობს ოსტატი და სიამაყით გვიჩვენებს უნიკალურ და ერთადერთ ნაკეთობას.

ზურაბ სხირტლაძე თბილისიდან რაჭაში დაბრუნებას არ ნანობს, ამბობს, რომ მხოლოდ შვილიშვილების მონატრება აქვს.
„შვილიშვილები მენატრება ძალიან, ერთი ეგაა, თორემ ისე, იმ ამაოებას და გაწამაწიას, აქ მშვიდად ყოფნა მირჩევნია, მინდა რაჭაში ვიმუშაო და ვინმეს რამე ვასწავლო“,- დასძენს ოსტატი.

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული ორგანიზაცია DVV Internatonal-საქართველოა, ხელმძღვანელი ნანა სოხაძე „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნავს, რომ ზურა სხირტლაძე მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო.
„ძალიან კარგია, როცა ასეთი პროფესიონალი უბრუნდება თავის კუთხეს, თავად მოგვაკითხა და სიხარულით მივიღეთ , პანდემიამ იმაზე დაგვაფიქრა, როგორ გაგვეგრძელებინა მუშაობა, ონლაინ სწავლებაზე გადავეწყვეთ და შედეგებს თქვენ თვითონაც ხედავთ”,- მბობს ცენტრის ხელმძღვანელი.

პანდემიის ჩავლის შემდეგ გამოფენა – გაყიდვასაც გეგმავენ. გამოფენაზე ის ნაკეთობები უნდა გაიტანონ, რომელიც კორონავირუსის პერიოდში დისტანციური სწავლებით დაამზადეს.

 

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები