კახა კალაძე: აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ, ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინებისათვის, რაზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ასევე, დედაქალაქის მერმა, მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტე აღდგა! გილოცავთ! მინდა თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ გულისხმიერებისათვის, იმ მოთხოვნების გათვალისწინებისათვის, რაზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენთვის, ერთმანეთისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ და მძიმე ვითარებაში”, – განაცხდა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტის ახლობლებს მიუსამძიმრა და მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში თუ რამდენად რთული სიტუაციაა. სამწუხაროდ, დღეს მეოთხე გარდაცვლილი გვყავს. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კიდევ ერთხელ გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ და შევასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომელზეც ვსაუბრობთ, ძალიან მალე გამარჯვებულები გამოვალთ ამ რთული და მძიმე ვითარებიდან და ყველაზე მთავარი, ნაკლები დანაკარგით. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მთელი გულით, მთელი ჩემი ოჯახის სახელით მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტე აღდგა! გილოცავთ ყველას დიდი სიყვარულით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები