“გაბედეს” წევრებმა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან “41 ვერცხლი” მიიტანეს
მოძრაობა “გაბედეს” წევრები “ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მივიდნენ.
მათ ადგილზე პერფორმანსის მოწყობა სურდათ, სადაც მოძრაობის წარმომადგენლებმა ე.წ. ვერცხლის მონეტები მიიტანეს და განმარტეს, რომ ამით მამუკა მდინარაძისგან ქვეყნის გამოსყიდვა სურდათ.
მოძრაობა “გაბედეს” წევრებს ოფისთან მამუკა მდინარაძის მხარდამჭერები დახვდნენ და აქცია-პერფორმანსის ბოლომდე ჩატარების საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.
“მოვიტანეთ სიმბოლურად შოკოლადები, ვერცხლის სიმბოლიკით, იმიტომ რომ 41 ვერცხლად გაყიდეს ამათ ჩვენი ქვეყანა. პირველი ვინც გაყიდა, ეს იყო მამუკა მდინარაძე, ბიძინა ივანიშვილის რუპორი, ყველაფრის გამპრავებელი, მოძრაობა გაბედეს დისკრედიტაციის მცდელობაშია ეს ადამიანი შემჩნეული ბოლო სამი დღის განმავლობაში. გვეძახის კმარელების რეინკარნაციას. ყველანაირად ცდილობს, მოახდინოს საზოგადოების გახლეჩა და ორპოლუსიანობის წარმოქმნა,” – აცხადებს მოძრაობა “გაბედეს” ერთ-ერთი წევრი.