საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
როგორც შსს-ში ბრიფინგზე განაცხადეს, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.
დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.
აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
„კერძოდ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამოდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას, და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI), ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით“,- განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.