სუს-მა თერჯოლის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა (ვიდეო)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე, მოქალაქეები – კახი კ. და გია მ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ, უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევისა და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ, გელა ქ-ს, ქრთამის სახით, შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“,- აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები