მგელი, რომელმაც წალკაში ოთხი ადამიანი დაგლიჯა, ცოფიანი აღმოჩნდა

მგელი, რომელმაც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ „ჩრდილის უბანში“ ოთხი ადამიანი დაგლიჯა, ცოფიანი აღმოჩნდა, – ამის შესახებ „კვირას“ წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მგელი რომ ცოფიანი აღმოჩნდა, ეს ლაბორატორიულად უკვე დამტკიცდა.
დაშავებულია სამი ქალი და ერთი მამაკაცი. შემთხვევა 19 მარტს, საღამოს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ „ჩრდილის უბანში“ მოხდა. მგელი, თავდაპირველად, ერთ-ერთ ქალს საკუთარი სახლის ეზოში დაესხა თავს. მისი დახმარება მეზობლის ქალებმა სცადეს. თუმცა, საბოლოოდ, მგელი 24 წლის ტარიელ მიქელაძემ მოკლა.
შემზარავი ფაქტის შესახებ „კვირას“ წალკის მუნიციპალიტეტის მერი უამბობს. თავდასხმის შემდეგ, ქალბატონებმა და ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. ერთ-ერთ ქალს, ჭრილობა კისრის არეში აღენიშნებოდა; მეორეს ხელის თითები ჰქონდა დაზიანებული, მამაკაცს კი, სახე ჰქონდა დაკაწრული. იმავე საღამოს, შემთხვევის ადგილზე, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იმყოფებოდნენ. როგორც „კვირას“ წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ განუცხადა, მგელი ძალიან აგრესიული იყო. ცხოველის ლეში კი, გამოსაკვლევად, პოლიციის ბრიგადამ წაიყვანა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ სააგენტოს რეგიონული სამსახურს წარმომადგენლებმა, ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს პათანატომიური მასალა. კვლევის შედეგად, დადასტურდა ცოფი და სურსათის ეროვნული სააგენტო გაახორციელებს ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციას სამი კილომეტრის რადიუსში. რაც შეეხება მგლისგან დაშავებულ ოთხ პირს – ისინი, იმავე საღამოს, წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
„კვირასთან“ საუბრისას, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის წალკის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, პაატა ღორჯომელიძე აცხადებს, რომ, ამჟამად, ოთხივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ოთხივე პაციენტი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შემოიყვანეს. ჭრილობები დამუშავდა, ზოგიერთ ჭრილობას ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამჟამად, მიმდინარეობს მედიკამენტური მკურნალობა. გარდა ამისა, ოთხივეს ჩაუტარდა ანტირაბიული იმუნოგლობულინი და ანტირაბიული ვაქცინა. ამჟამად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“, – განუცხადა „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, პაატა ღორჭომელიძემ.
კლინიკის ხელმძღვანელმა ინფორმაცია, რომ მგელი ცოფიანი აღმოჩნდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიიღო. „სურსათის უვნებლობის სამინისტროდან უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ მგელი ცოფიანი აღმოჩნდა. ეს კვლევის შედეგად დადასტურდა. ამიტომ, აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელს შევატყობინე. ყველა უწყება ჩართულია და პაციენტებსაც შესაბამისი ყურადღება ექცევათ“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წალკის ფილიალის ხელმძღვანელი, მანანა მირაშვილი.
წალკაში მომხდარი შემთხვევის გამო შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები