“რეალური საქართველო არის ის, რაც აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ევროკომისიის დასკვნებსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთ ანგარიშში” – მახაშვილი

“ევროპარლამენტის გუშინდელ დებატებში მოვისმინეთ ის, რაც ცხადია მთელი ამ დროის განმავლობაში – ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებსა და ჩარევა შიდაპოლიტიკურ პროცესებში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ვინმეს თუ რეალურად აქვს სურვილი, საქმეში გაერკვეს და სწორი წარმოდგენა ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეუძლია ჩახედოს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს და ნახოს, რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩახედოს ძალიან ბევრ საერთაშორისო ინდექსს და ნახოს, სად არის საქართველო დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა და ნახოს, სად არის საქართველო თითოეული მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას.

რეალური საქართველო არის ის, რაც აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ევროკომისიის დასკვნებში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთ ანგარიშში. სურვილი თუ აქვთ, მაზოხისტურ რეჟიმში გააგრძელონ ერთი და იგივე ცრუ ბრალდებების გავრცელება, გააგრძელონ. საუბარი არ მაქვს ზოგადად, ევროპარლამენტზე, საუბარი გვაქვს, ცალკეული ევროპარლამენტარების მოკლევადიან პოლიტიკურ ამბიციებზე, რომლებიც ეფარებიან ხან ევროპარლამენტის ინსტიტუტს, ხან სხვას და ცდილობენ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაფუჭებას. გრძელვადიან პერიოდში ჩვენ სხვა სურვილი გვაქვს, გრძელი სტრატეგიით და გრძელი ხედვით ვუყურებთ ამ პროცესს. ერთადერთი სურვილი გვაქვს, ევროკავშირთან და მათ შორის ევროპარლამენტთან, ურთიერთობები ნორმალური და ცივილურ ჩარჩოში იყოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები