კუპრავა “შემიძვრა“, მე თქვენი ფანი ვარო – ბორის კაკუბავას სკანდალური ინტერვიუ

პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავა დუმილს არღვევს და გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ საუბრობს. გამოცემა დღევანდელ ნომერში მკითხველს ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დაკავებულები არიან ბორის კაკუბავას ორივე სიძე, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია.  კაკუბავას შვილიშვილი ლუკა კალანდია, რომელიც დანაშაულის დაფარვის ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.
როგორც ბორის კაკუბავა გამოცემასთან აცხადებს, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ორი მოზარდის მკვლელობის დღეს, იგი აფრიკაში, განაში იმყოფებოდა, სადაც მეგობართან ერთად ბიზნესი ჰქონდა.
მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა მომხდარის ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დაუმალეს და მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა.
თუმცა, როგორც კაკუბავა ინტერვიუში ამბობს, მას მეგობარი თბილისიდან განაში ტელეფონზე დაუკავშირდა და გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ უამბო. სწორედ ამ სტატიაში ზვიად კუპრავას ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული, სადაც კუპრავა ამბობს, თუ როგორ მოქმედებდა ბორის კაკუბავა მოწმეებზე, კერძოდ, ფულის სანაცვლოდ ბორის კაკუბავა მოწმეებს ჩვენების შეცვლას თხოვდა. გარდა ამისა, ამავე სტატიაში კუპრავა ამბობს, რომ მას აქვს ფირი, სადაც კაკუბავა ბავშვებთან ფულზე საუბრობს.
„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არცერთი მოწმე თვალით არ მინახავს. დავურეკე ზვიად კუპრავას… მაპატიეთ და კუპრავა “შემიძვრა“. ბატონო ბორის, მე თქვენი ფანი ვარ, საერთოდ არ მინდოდა თქვენი ცუდად ხსენება, მაგრამ ვანო მერაბიშვილი გამოგვაყვანინეთ ციხიდანო! – რომელი მერაბიშვილი, მე რა შემიძლია მეთქი?- აი , თქვენი სიძე მირზა სუბელიანი გენინსპექციის უფროსი რომ იყო, მაგას აქვს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ვიდეოკადრები, ეს ვიდეო მოგვცეს, ჩვენ მილიონებს გადავუხდით, ეს საქმეც დაიხურება და არცერთი თქვენი შვილიშვილი და მათი მეგობრები ციხეში არ წავლენო. ეს დიალოგი ტელეფონით მე არ ჩამიწერია, მაგრამ კუპრავა ნაძირალა რომ მწერდა, ეგ ცხადია. ვუთხარი – ზვიად, რა ვიცი მირზას რა ფირი აქვს?! მე და მამამისი მკაცრად გაგვაფრთხილა – იცოდეთ, სამსახურში რამეს მთხოვთ და მე თქვენ არ გიცნობთო! აქედან გამომდინარე, მაგის საქმეში არ ვერევი, არ ვაწუხებ… საზღვარგარეთ ვარ და იქნებ თქვენ დაურეკოთ მირზას-მეთქი! – ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს და იქნებ შენ დაგვაკავშიროო!- კარგი, შევეცდები-მეთქი. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, განაში ოფისში, ჩემი ეკონომისტი მეუბნება, კუპრავა რეკავსო. მე ვუთხარი, არ მინდა მასთან საუბარი-მეთქი… კუპრავა კი, განუწყვეტლივ რეკავდა. ბოლოს და ბოლოს ავიღე ყურმილი და ვკითხე- ზვიად, რაშია საქმე-მეთქი? – რაშია საქმე და მირზას ცუდად ექნება საქმეო! მირზა ციხეში წავაო, ბავშვებიც ციხეში წავლენო! – ბიჭო, ბოლოსდაბოლოს, რა გინდა მეთქი?! – მითხრა: „ვანო მერაბიშვილი უნდა გამოვიყვანოთ ციხიდანო!“
რომელი მერაბიშვილი, ორი გვამი რომ სჭირდებოდა და ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა?! ის გინდა ციხიდან გამოიყვანო-მეთქი?! შენ ხარ ნაცი და ალბათ, იმ „კამანდაში“ იყავი, ის გმირი კაცი გია კრიალაშვილი რომ მოკალით-მეთქი?! ზვიად კუპრავას ვაგინე… აი, ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მაქვს, რადგან დავუჯერე ჩვენი ფირმის ეკონომისტს და სწორედ მან ჩაწერა ეს ლაპარაკი, ჩემსა და კუპრავას შორის“ – აცხადებს ბორის კაკუბავა.
მისივე თქმით, ეს ჩანაწერი მას პროკურატურისთვის არ წარუდგენია.
თუმცა, ზაზა სარალიძეს მოუწოდებს, რომ „დახუროს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის პროექტი“.
„მოვუწოდებ ზაზა სარალიძეს, დახუროს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანის პროექტი, გაანებოს თავი ნაცებს და ილოცოს გარდაცვლილი შვილის სულის საოხოდ! ასეთ სიცოცხლეს, ჩემები რომ მკვდრები იყვნენ, ის მირჩევნია, ბავშვები განადგურებულები არიან, მაგათ მთელი ცხოვრება უნდა ატარონ ამოდენა ცოდვა და ტვირთი. ეგენი ციხეში მოხვდებიან. როდის იქიდან გამოვლენ, როგორები გამოვლენ, როდის ოჯახებს შექმნიან… ამაზე ვინმე ფიქრობს?! ჩემი შვილიშვილის მიზეზით არ მომხდარა ეს უბედურება, იმ ცხონებულის მიზეზით მოხდა, რადგან რაც ზაზა სარალიძეა, შვილსაც ისე ზრდიდა.
შვილს გაზრდა უნდა, მაგ კაცმა ვერ გაზარდა ის ცხონებული, ვერა! არსებობს ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძეს ნაცებისგან ფული აქვს აღებული. თუ ამათ ციხიდან ვანო მერაბიშვილის გამოყვანა უნდათ, მაშინ სად იყვნენ, როცა ვანო მერაბიშვილის ზონდერები ასეულობით კაცს ციხეში აუპატიურებდნენ?! – აცხადებს ბორის კაკუბავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამასთან, იგი ახლო მომავალში გეგმავს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანოს და იმ ჩანაწერსაც დაურთავს, რომელზეც ინტერვიუში საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები