„ნაცებმა ძმა დამიღუპეს და მათი მეხოტბე როგორ ვიქნები”-რა სკანდალურ დეტალებს იხსენებს მარიამ კუბლაშვილი

„ნაცებმა ძმა დამიღუპეს და მათი მეხოტბე როგორ ვიქნები“ – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მარიამ კუბლაშვილი გამოცემასთან წარსულს იხსენებს და მკითხველს 2005 წლის მოვლენებზე დეტალურ ინფორმაციას სთავაზობს.
ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ დედამისი გვარად მაჩალიკაშვილია და სწორედ ამ ნათესაური კავშირის გამო, საკუთარ თავზე აიღო მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერსების დაცვა.
მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მისი ძმის, კარლო კუბლაშვილის ცხოვრება, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საერთოდ შეცვალეს. მისი ძმა, კარლო კუბლაშვილი 2005 წელს, მოჭიდავეების აქციის დროს დააკავეს. სწორედ ორთაჭალაში მყოფმა კარლო კუბლაშვილმა საკუთარი თვალით ნახა, ციხის ბუნტის მოვლენები და როგორ ჩახოცეს მაშინ ციხის საკნებში პატიმრები.
„მათი რეჟიმის დროს, მე როგორც ადვოკატი – დავრწმუნდი, რომ სასამართლო და მართლმსაჯულება საერთოდ არ არსებობდა, ბიზნესზე იყო არნახული ზეწოლა, ადამიანებს ქონებას ართმევდნენ, ციხეში უდანაშაულოდ ამწყვდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ კიდეც. მაგრამ, ნაცების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, ძირითადად, მაინც ჩემი ოჯახის თავს დამტყდარმა განსაცდელმა განაპირობა. რეჟიმმა ჩემი ძმა დააპატიმრა. კარლო კუბლაშვილი მოჭიდავე გახლდათ. 2005 წელს, ცნობილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, როცა მოჭიდავეებმა პროსპექტი გადაკეტეს. უკვე ცნობილია, რომ მაშინ მოჭიდავეების მიმართ, ვანო მერაბიშვილმა პროვოცირება მოახდინა. აქციაზე, კარლომ სააკაშვილს შეაგინა. რამდენიმე მოჭიდავესთან ერთად, ჩემი ძმაც დააკავეს და 4 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მერე იყო ნაცების მიერ ინსპირირებული ციხის ბუნტი. კარლომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ ჩაცხრილეს საკნებში პატიმრები. თავად სასწაულად გადაურჩა ამ მოვლენებს. ფიზიკურად ძლიერი იყო და ამიტომ საკანში მარტო ჰყავდათ გამოკეტილი. მუდმივად ესმოდა წამებით გატანჯული პატიმრების ღრიალი. რეჟიმი მოჭიდავეებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა, სხვებმა ბოდიში მოიხადეს, კარლო არ გატყდა, არ შეეპუა, მაგრამ ამდენი წამების შემხედვარეს, ფსიქიკური პრობლემები გაუჩნდა. მე ამ დროს ჩვილი ბავშვით ვიყავი, მარტოხელას, თბილისში ბინაც არ მქონდა, დედამ ფიზიკურად დაიწყო შრომა, რათა პატიმარი შვილი ციხეში შეენახა. „რკინის ქალამნები“ ჩაიცვა და ძმებ კუბლაშვილებს დახმარება სთხოვა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, კარლო, სრულფასოვანი ცხოვრებით აღარ ცხოვრობს. სახლშია გამოკეტილი, ფსიქიკური პრობლემები გაუმწვავდა. ადამიანებთან აღარ კონტაქტობს. ოჯახიც დაენგრა. ნაცებმა ძმა დამიღუპეს და მათი მეხოტბე მე როგორ ვიქნები“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები