მამუკა ბახტაძის მთავარი გზავნილები
რადიკალების პარანოიდული მოჩვენებები
პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომამ ნათლად აჩვენა, რამდენად პროვოკაციული და არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ ექსტრემალურ ჯგუფებს ოპოზიციასა თუ ექსპერტებში მსგავს მოვლენებზე.
გიორგი კვირიკაშვილი, მაგალითად, ზოგისთვის მოღალატე აღმოჩნდა და ზოგისთვის – მსხვერპლი… მოკლედ, მითებში სიუჟეტი ყველამ თავისი ინტერესებისა და ფანტაზიის უნარის შესაბამისად განავრცო.
და ამ პოლიტიკურ ეპოსში უკვდავი ტრადიციული ელემენტებიც გამოჩნდა. მაგალითად, ფარული ჩანაწერები, რომელსაც, მითების მიხედვით, ფლობს თეა წულუკიანი, ამიტომაც მას ვერ ხსნიან. ასევე ფლობს გიორგი გახარია – კვირიკაშვილის წინააღმდეგ.. მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვისაც რაღაც საიდუმლო შინაარსის ჩანაწერილი აქვს.
რაღაც ჩანაწერები, საიდუმლო ფირები უკვე წლებია ქართული პოლიტიკური მითოსის განუყოფელი ნაწილია. დაახლოებით ისევე, როგორც ცხრათავიანი დევები ან მზეთუნახავები ზღაპრებში.
და აქ ყველა ცდილობდა საკუთარი ინტერესების შესაბამისად ეკვება დაინტერესებული საზოგადოება:
პრორუსების მიხედვით, კვირიკაშვილი შეთქმულების გზით სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა. დეტალებსა და ლოგიკას მათ ნუ მოსთხოვთ. ასეა და მორჩა. კრემლის მსგავსად, მათაც ყველგან მტრები და შავი ხელი თუ ავი სულები ელანდებათ.
რადიკალი ოპოზიციონერების მიხედვით, მმართველ გუნდში მწვავე კრიზისია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ხელისუფლებაში თავად არ არიან. ამიტომაც, მათი ლოგიკით, სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ხალხმა ისინი უნდა აირჩიოს. აქვე კვირიკაშვილის მეამბოხე სულისა რადიკალებს დიდად არ სწამთ, ამიტომაც ამტკიცებენ, რომ ის შიდაპარტიულ ინტრიგებს შეეწირა.
ზოგადი ფაბულა უკვე დახატულია და როცა საქმე გმირებსა თუ ანტიგმირებზე უნდა მიდგეს, აქ ნამდვილი ქაოსი იწყება. ვისაც კახა კალაძე არ მოსდის თვალში, მათთვის ანტიგმირი სწორედ ის არის: თბილისის მერი თურმე ერთი ფეხით კვირიკაშვილს ურტყამდა და მეორეთი – ბახტაძეს. ნუ, გასაგებია, ლოგიკას ნუ მოვთხოვთ მათ ამ მითებზე…
ვისაც გიორგი გახარია არ მოსწონს, მათ მაგივრად სწორედ შს მინისტრმა იყარა ჯავრი მოქმედ პრემიერზე, რადგანაც პრემიერობის ამბიცია ჰქონდა და ამისთვის კვირიკაშვილის მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერებიც კი გააკეთა.
მოკლედ, მთელი მითიური ლაბირინთია. ვერც ტროას ცხენს იპოვით და ვერც აქილევსს თავისი სუსტი ქუსლით. და საერთოდაც, ჯობს, არ შეხვიდეთ და ეს კარი არ შეაღოთ, თორემ რეალობას ისე დაშორდებით, რომ შეიძლება უკან გამოგნება გაგიჭირდეთ.
რეალობა კი, ისევე როგორც ყველაფერი გენიალური, მარტივია. „ახალი ენერგია და განახლება“.
ამ სიტყვებმა, თავის მხრივ, პარლამენტში რამდენიმე თვის წინათ აგორებული ხმაური გამახსენა. მაშინ უმრავლესობის ერთი ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარესაც კი ემუქრებოდა გადაყენებით.
როგორც ჩანს, 90-იანი წლების პოლიტიკური მოდა და გემოვნება ასპარეზს ტოვებს და ახალი თაობა თამაშის წესებსაც ცვლის და თანამედროვე ცხოვრების სტილსაც. მას, წესით, არც მითები მოსწონს და არც კულუარული ინტრიგები. ის ღია და გახსნილი პოლიტიკის მომხრეა.
სხვათა შორის, სიახლეებსა და რეფორმებზე აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გორში პარტიის კონფერენციაზე გააჟღერა. ახალი თაობა პროცესებს უფრო გლობალურად და თანამედროვე გამოწვევებთან კონტექსტში განიხილავს. ფინანსთა მინისტრისთვის პრემიერ-მინისტრის პორტფელის ჩაბარება, შესაბამისად, ლოგიკური სვლა იყო. ეს არის რეალობა.
მამუკა ბახტაძე სიახლისა და ცვლილებების სინონიმი ხდება
მაშ ასე, ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული და თანამედროვე. ექსტრემალებისთვის ეს მხოლოდ სიტყვებია. თუმცა, სწორედ ასეთი სტანდარტებით ხელმძღვანელობდა ის ჯერ რკინიგზაში და შემდეგ უკვე ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს. მოელიან, რომ ინოვაციური და რეფორმატორული იქნება ის პრემიერის პოზიციაზეც.
საქართველოს რკინიგზა
2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
რკინიგზაში მისი მისვლით რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი გაგრძელდა და ეს შეეხო მთლიან ინფრასტრუქტურას.
პირველად სარკინიგზო მაგისტრალზე 40 მლნ ევროს ღირებულების პროექტი განხორციელდა და ქვეყანაში ორსართულიანი მატარებელი შემოვიდა. ის 530-მდე მგზავრზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველა საჭირო, თანამედროვე მოწყობილობით. აქვს ევროპული სტანდარტის ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემა.
ეს არის პირველი მატარებელი, რომელიც სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე, კერძოდ, ახალ მატარებელში არის შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტები და სველი წერტილები, ხოლო საპირფარეშოში – ჩვილ ბავშვთა მოვლისთვის საჭირო სპეციალური მაგიდა.
„Stadler“-ის მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.
მითოლოგიის სპეციალისტებმა ხმაური მაშინაც ატეხეს. დიდი სკანდალი იყო 40 მილიონ ევროდ შეძენილი „შტადლერის“ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებთან დაკავშირებით, საქართველოში არსებულ არც ერთ გვირაბში არ ეტევა და კატასტროფა გარდაუვალიაო. კიდევ ერთხელ დიდ ლოგიკას მითების ავტორებს ნუ მოსთხოვთ… თუმცა, ამ მაგალითმა კიდევ ერთხელ უნდა დაგარწმუნოთ, რამდენად შორს არის მითები რეალობასთან…
მამუკა ბახტაძემ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციისთვის სოლიდური ფინანსები ევროფონდებიდან მოიზიდა. მოდერნიზაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. ეს იყო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება.
ისტორიული აბრეშუმის გზა
„აბრეშუმის გზა“ – ეს არის 5-ჯერ შემცირებული გზა აზიასა და ევროპას შორის. საქართველოსთვის კი ეს ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკურ მოვლენებში მონაწილეობას და ქვეყნისთვის დამატებით ინვესტიციებს.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ზღვით ხდებოდა, რასაც საკმაოდ დიდი დრო, 40 დღე-ღამე სჭირდება. „აბრეშუმის გზის“ გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი იძლევა ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის ბევრად სწრაფად და იაფად გადაზიდვის საშუალებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
ბრენდირებული ბლოკმატარებელი, სახელწოდებით „ნომად ექსპრესი“ ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანზიტით 2015 წლის 13 დეკემბერს შემოვიდა.
„დღეს „აბრეშუმის გზის“ დერეფანში პირველად განხორციელდა ტვირთის გადაზიდვა. მისი საწყისი წერტილი არის სამხრეთი კორეა, შემდეგ ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ჩავა თავის საბოლოო დანიშნულების წერტილში, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. ჩვენი მარშრუტი დაახლოებით ოთხჯერ უფრო ეფექტურია ტრადიციული ზღვის მარშრუტთან შედარებით“. – განაცხადა მაშინ რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.
თავისი მითოლოგია ამ ისტორიულ დღესაც მოჰყვა. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიებია და ამ ლაბირინთებში აღარ შეგიყვანთ.
მთავარი ის არის, რომ მამუკა ბახტაძემ დაინახა ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს რკინიგზას ჰქონდა, თუნდაც მისი ადგილმდებარეობის გამო. როდესაც საქმე ეხება ტრანზიტს ცენტრალური აზიიდან (კასპიის ზღვის გავლით) და სპარსეთის ყურიდან (ირანის გავლით) აზერბაიჯანში და იქიდან, შავი ზღვის გავლით ევროპისკენ, საქართველო უკონკურენტოა.
ადგილმდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპასთან, თურქეთსა და დსთ-სთან, ისევე, როგორც უსაფრთხო და კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემო, მიმზიდველს ხდის საქართველოს აზიური კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი პროდუქციის ევროპაში გატანის გზები იპოვონ – ასეთია ექსპერტების დასკვნაც.
ასე რომ, მამუკა ბახტაძემ სწორედ ამ უპირატესობებზე ააგო საკუთარი პოლიტიკა და დარგის განვითარება.
ფინანსთა სამინისტრო – დაინიშნა 2017 წლის ნოემბერში
ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. აქტიური კომუნიკაცია ქართულ ბიზნესთან – ასეთი მიდგომა მამუკა ბახტაძემ უკვე ფინანსთა მინისტრის პორტფელის მიღებისთანავე დააფიქსირა.
ამ პოსტზე მან ეკონომიკაში არსებულ თამაშის წესებზე გაამახვილა ყურადღება და ფოკუსირება მოახდინა საბანკო სისტემასა და სიღარიბეზე.
„ჭარბვალიანობამ“ ლამის ჯადოსნურ ტერმინად გაიჟღერა. სწორედ ამ ტერმინმა ის აქცია პოპულარულად და საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია. აქამდე ფინანსთა მინისტრები ძირითადად მხოლოდ ბიუჯეტის შედგენის დროს თუ ახსენდებოდათ.
„სიღარიბის გამომწვევი უსამართლო თამაშის წესები უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ახალ რეგულაციებზე ალაპარაკდა:
„ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი. ეს, პრაქტიკულად, დაკარგული რესურსია ეკონომიკური განვითარებისთვის. ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ – დაახლოებით 630 ათასი ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას, გახდეს აქტიური სამუშაო ძალა. შემცირებული განკარგვადი შემოსავალი, ბუნებრივია, ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, ხდება დანაზოგების შემცირება. ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაკრედიტების ისეთ მოდელებთან, რომელიც არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით, საუბარია მაღალპროცენტიან სამომხმარებლო სესხებზე, რომლის უკან არ დგას მსესხებლის შემოსავალი“, – დასამალი არ არის, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს საკითხი აწუხებთ და სტკივათ საქართველოში. ბევრმა სწორედ საბანკო სესხების გამო გაყიდა სახლი, წავიდა ემიგრაციაში… საბანკო სექტორთან ბევრი ადამიანის ტრაგედიაა დაკავშირებული. ამ ფონზე მამუკა ბახტაძის ინიციატივამ ბევრისთვის ოპტიმისტურად გაიჟღერა.
საერთაშორისო ინსტიტუტებთან მუშაობა მან კვლავაც წარმატებულად გააგრძელა. ადრე თუ პრობლემები იყო, ახლა მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები მზად იყვნენ, საქართველოს დაფინანსების პორტფელი გაეზარდათ.
საუბრობდა მოქალაქეებსა და ლომბარდებს შორის არაჯანსაღ ურთიერთობებზე და ამ სფეროში ახალი რეგულაციების შემოტანას უჭერდა მხარს.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”