ოპოზიცია კრიზისშია – რას აჩვენებს რუსთაველის აქციები

წინასწარმეტყველურად გაიხედა მომავალში შალვა ნათელაშვილმა და იქ „ქართული ოცნება“ ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, “ნაციონალებმა” დაინახეს “ლეიბორისტების” ბელადში ნათელი მომავალი და კვირის აქციის – „ნუ მომკლავ“ ორგანიზება ჩააბარეს. ყოველ შემთხვევაში, აქციამდე სამი დღით ადრე ეს ამბავი განსაკუთრებულად დააანონსეს. თუმცა, მას ნათელი მომავლისკენ სვლა არ დასცალდა. უკვე შაბათს გაირკვა, რომ ის ორგანიზატორობიდან გადააყენეს და აქცია ისევ შვილმკვდარ მშობლებს დაუკავშირეს.

უკვე გუშინ შალვა ნათელაშვილი აქციის წინა ხაზზე აღარც გამოჩენილა. თქვეს, რომ ორგანიზატორები ახალგაზრდები იყვნენ, პოლიტიკოსები კი უკანა პლანზე გადავიდნენ.

პროტესტი, რომელიც შვილმკვდარ მამებსა და მშობლებს აქვთ, სრულიად გასაგებია, მათი მოთხოვნაც – დაისაჯონ დამნაშავეები – ლეგიტიმურია.

თუმცა, ამ პროტესტს აქვს მეორე მხარეც, რომელსაც, რადიკალური ჯგუფები – ძნელია, მათ პოლიტიკოსები უწოდო – საგულდაგულოდ მალავენ. რადიკალების მოთხოვნა კი მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური ელიტის შეცვლაა.

სამართლიანობის ნაწილში ჩვენ პროტესტის სულისკვეთებას, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ეს გზავნილი გაიგო და მიიღო. და ეს ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კითხვის ნიშნები ჯერ ისევ არის და პასუხებს ჯერ ისევ ველით.

თუმცა, რადიკალების მოთხოვნები პოლიტიკურ ნაწილში, როგორც არჩილ გამზარდიამ სამართლიანად შენიშნა, სრულიად არაადეკვატურია. დესტაბილიზაციასა და რევოლუციაზე ორიენტირებული დაჯგუფებები პოლიტიკაში ყოველთვის იყვნენ, მაგრამ მათ სივრცეში ერთ დროს პოლიტიკური მოდის ავანგარდში მდგომი ნაციონალების გამოჩენა საკმაოდ უცნაურია. ისე ჩანს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი გამოწვევა 2012 წელს არჩევნების წაგება ან მოგვიანებით ლიდერების დაკავება კი არ გახდა, არამედ თავად მიხეილ სააკაშვილი. მის რადიკალურ მოთხოვნებზე აქვთ ახლა სწორება მისავე პარტიაში.

“ნაციონალების” რადიკალიზმის ისტორიას ახლა არ გავყვებით. უბრალოდ, ვიტყვით, რომ ერთ დროს მმართველი პარტია იმდენად სერიოზულ კრიზისშია, რომ გამოსავალი რადიკალიზმში დაინახა და ამ გზას გაჰყვა. საინტერესოა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მათ არც თემა ჰქონდათ და არც კანდიდატი ჰყავდათ. საუბარი იყო პარტიიდან ადრე წასულ გიორგი ვაშაძეზე, რომელიც თავიდანვე პარტიიდან ძველი თაობის გაშვებისა და ახალი სახეებისთვის მართვის სადავეების გადაცემას ემხრობოდა. თუმცა, ამ კონფლიქტში დამარცხდა და პარტიაც დატოვა.

ყველაზე უცნაური მთელ ამ ისტორიაში კი ის არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა ვაშაძე იპოვა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენების სურვილიც გაუჩნდა. ეს ბევრი ფაქტორის გამო უცნაურია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთს და მთავარს ვიტყვი: მიხეილ სააკაშვილისთვის პოროშენკო თუ პუტინის ყურმოჭრილი მონა კორუმპირებული და მოღალატეა, ვაშაძისთვის იგივე პოროშენკო დიდი რეფორმატორი და ქვეყნისთვის მებრძოლი პატრიოტია.

ასე რომ, ამ საპროტესტო აქციებით როგორც თემის, ისე რეიტინგის დაჭერის ცდუნება გაჩნდა და რა თქმა უნდა, პირველი ამ მორევში სწორედ ის პარტია გადაეშვა, ვინც საკუთარ კრიზისს ასე მძაფრად გრძნობს და ხედავს.

თავიდან თითქოს აქ წამყვანი პოზიციები გიორგი ვაშაძეს ეკავა. პირველი საპროტესტო აქციები, როცა გენერალური პროკურორი გადადგა, ერთი შეხედვით, სწორედ მისი ლიდერობით წარიმართა. თუმცა, ბევრმა მასშიც დაინახა ადეიშვილი, სააკაშვილი, სისხლიანი ცხრა წელი და მაშინდელი უსამართლობები.

სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა. ლიდერთა საბჭოზე განიხილეს, იმსჯელეს, ალბათ, კენჭიც უყარეს და ორგანიზატორის დიდი მისიაც დააკისრეს. თუმცა, მალევე მიხვდნენ, რომ გამოსავალი არც ეს იყო.

ცოტა სასაცილოა და ბევრი უხერხულობაც ახლავს “ნაციონალების” მხრიდან საპროტესტო აქციებზე ნათელაშვილის ფრონტის ხაზზე წამოწევას. სწორედ ისინი ამტკიცებდნენ წლების მანძილზე, რომ ლეიბორისტების ლიდერი პრორუსია; რომ ფულს იღებს იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანაში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დაამხოს. როცა ასეთ ფიგურას პროდასავლურად მონათლული პარტიების ჯგუფს სათავეში უყენებ, ეს გაუგებარი და მიუღებელია.

ასე რომ, სრულიად გასაგებია, რომ ვიღაც მაინც გამოჩნდა, ვინც საპროტესტო აქციების ორგანიზატორად შალვა ნათელაშვილის დანიშვნა გააპროტესტა. შემთხვევითი არ იყო, რომ აქციის დაწყების წინ სწორედ ახალგაზრდები დაასახელეს ორგანიზატორებად.

საპროტესტო აქციას არ შეუერთდნენ „ევროპელი დემოკრატები“. ისინი პარლამენტში საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობენ.

„ჩვენი მიზანია, ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს შემხებლობა ამ საკითხთან, კომისიის სხდომაზე მოვიყვანოთ. არ აქვს მნიშვნელობა მათ თანამდებობას, ყოფილ თანამდებობას, პოლიტიკურ წონას და ა.შ., ეს შეზღუდვა არ იქნება. ჩვენ ყველა ბერკეტის გამოყენებით ვეცდებით, წინ წავწიოთ ეს საკითხი. ჩვენი ფუნქცია და ამოცანა არ არის ვინმეს დაჭერა, ჩვენი ფუნქციაა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენთან სხდომაზე მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა, ბატონი შოთაძე იქნება, ბატონი სუბელიანი იქნება, მათ შორის შეიძლება ქალბატონი თეა წულუკიანიც, ამას გადაწყვეტს ყველაფერს კომისია, როგორც კი დაიწყებს მუშაობას“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ.

ასე რომ, ოპოზიციის გზები გაიყო. რადიკალებს “ნაციონალები” ლიდერობენ, კონსტრუქციულებს – ევროპული საქართველო უდგას სათავეში. ეს არჩევნები ამ მხრივაც საინტერესო ტექსტი იქნება. ვინ დაწინაურდება ოპოზიციის შორის მარათონზე, ვინ იქნება ოპოზიციაში პირველი, ვინ გაუწევს რეალურ კონკურენციას მმართველ ძალას.

ჯერჯერობით ნაციონალებს კანდიდატი არ ჰყავთ და არ არის გამორიცხული, ისინი ქუჩის აქციებსაც აკვირდებოდნენ ლიდერის გამოკვეთის მოლოდინში. ევროპელები კი დავით ბაქრაძის კანდიდატურას წამოაყენებენ.  და ისინიც მაქსიმალურად შეეცდებიან კომისიამ ისეთი შედეგი დადოს, რომ არჩევნებშის შედეგებზეც აისახოს.

და არის კიდევ გიორგი მარგველაშვილი, რომელიც უკვე მერამდენე თვეა მოლოდინებს აჩენს, თუმცა, კონკრეტულს არაფერს ამბობს და ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკაში დარჩენას ის სახლში წასვლას არჩევს.

საინტერესოა, რომ რადიკალებს არც მან დაუჭირა მხარი და თქვა, რომ კვირიკაშვილის გადადგომას არ ემხრობა. თუ მთავრობა არ უნდა გადადგეს, მაშინ არც ვადამდელი არჩევნები არ უნდა დაინიშნოს და არც ელიტა უნდა შეიცვალოს – ასე იკითხება მარგველაშვილის ფრაზა.

პრეზიდენტი, ისევე როგორც უმრავლესობა, შვილმკვდარი მამების მიმართ სოლიდარულია და კითხვებზე პასუხების გაცემას ელოდება, სანამ რევოლუციაზე დადებს ფსონს.

როგორც ხედავთ, პოლიტიკოსების ინტერესებმა მთავარი თემისგან ძალიან შორს წაგვიყვანა და უკან, 90-იანებშიც კი დაგვაბრუნა თავისი რადიკალიზმითა და დაპირისპირების ხარისხით, საპროტესტო აქციაზე კი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ითხოვენ პასუხს კითხვაზე: ვინ მოკლა დავით სარალიძე?

ამ კითხვაზე პასუხს დღეს ყველა ელოდება. უფრო მეტი საპროტესტო აქციას არ უერთდება და ესეც გასაგებია, გენპროკურორის გადადგომისა და რამდენიმე პირის დაკავების შემდეგ, ხალხმა რადიკალური მეთოდების გზით პროტესტის გამოხატვაც კი არ ჩათვალა საჭიროდ, არათუ ხელისუფლების ჩამოგდება და გადაყენება…

ისტორია ამით არ დასრულებულა. ხორავას ქუჩამ მენტალური რევოლუცია უკვე მოახდინა. ახალგაზრდა თაობამ უარი უთხრა ბევრ იმ მანკიერებას, რომელიც წარსულიდან მოგვდევს, მათ შორის ქუჩის პოლიტიკასაც.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები