რას შეცვლის ხორავას ქუჩის საქმეში მირზა სუბელიანის დაკავება?

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში სამგზის დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს და ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა წაუყენეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე უკვე დიდი ხანია ითხოვდა სუბელიანის დაკავებას. და ახლა, როდესაც საგამოძიებო ორგანომ ეს გადაწყვეტილება მართლაც მიიღო, საინტერესოა, რას შეცვლის აღნიშნული ფაქტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითად საქმეში, ანუ შეიცვლება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი მეორე ინსტანციაში? როგორც მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან გ.ჯ-ს განზრახ მკვლელობის მუხლი, მკვლელობის მცდელობის მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რითაც გაურკვეველი დარჩა, რეალურად ვინ მოკლა 16 წლის დავით სარალიძე.

განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც, პირველი ინსტანციისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, ჩვენების მიცემა მირზა სუბელიანსაც მოუწევს. მისი აღიარებითი ჩვენება შესაძლოა, ახლად გამოვლენილ გარემოებად იქნეს მიჩნეული ბრალდებულ გ.ჯ-ს წინააღმდეგ. თუკი მირზა სუბელიანი სააპელაციო სასამართლოშიც გაიმეორებს იმას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს უამბო, არ არის გამორიცხული, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. ამჯერად დამნაშავედ ცნონ. და რას ამბობს სუბელიანი  საკუთარ ჩვენებაში?

„2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმისა და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში.

ანუ მირზა სუბელიანი აღიარებს, რომ იცოდა მკვლელობაში გ.ჯ-ს მონაწილეობის შესახებ, შესაბამისად, მისი ჩვენება სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

გ.ჯ-ს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მეორე ინსტანციაში პროკურატურამ მირზა სუბელიანის დაკითხვის შუამდგომლობა მართლაც დააყენოს, თუმცა ადვოკატი იქვე განმარტავს, რომ „ეს ახლად გამოვლენილ გარემოებად ვერ ჩაითვლება“. გარდა ამისა, ჩომახაშვილის თქმით, სუბელიანი გახლავთ ირიბი მოწმე და მის ჩვენებას გ.ჯ-ს საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

ვინ არის მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეში ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონად იქცა… ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება სუბელიანის ვაჟის ინიციატივით დაიწყო, რომელმაც დასახმარებლად ადგილზე საკუთარი დეიდაშვილი, დეიდაშვილმა კი მისი მეგობრები მოიხმო. სიტყვიერი დაპირისპირება მალე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ 16 წლის დავით სარალიძე და, ასევე, 16 წლის ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხორავას ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა თავად მირზა სუბელიანიც. გარდაცვლილი არასრულწლოვანი მამა ირწმუნება, რომ სუბელიანმა მტკიცებულებები გაანადგურა და მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინა. მიუხედავად ამისა, პირველადი გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ საკუთარი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის დაკითხვა საჭიროდ არ მიიჩნია. სასამართლოში კი ის მოწმეთა სიიდან თავად გ.ჯ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ამოიღეს.

მირზა სუბელიანი სამართალდამცავ სისტემაში ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ მუშაობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მას სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, მათ შორის გახლდათ რუსთავის პროკურორი.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა იმ მოტივით, რომ სისტემაში გამოცდილი კადრების ყოფნა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა. ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მას მონაწილეობა აქვს მიღებული სასჯელაღსრულების სისტემაში წინა ხელისუფლების პირობებში მომხდარი დანაშაულების გახსნაში, მაგალითად, ისეთში, როგორიცაა: პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და შემდეგ მკვლელობის საქმე, გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთათვის პრივილეგიების მინიჭებისა და შეწყალების საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, გლდანის ციხეში კარანტინის დაშლის საქმე, ციხის ბუნტის საქმე, ბესიკ ხარძიანის პატიმრობისა და მისი საკუთრების ხელყოფის საქმე და სხვ.

 

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები