ბადრი ბიწაძე: სააკაშვილთან შევიდნენ ბოკერია, უგულავა, მთელი მაგათი სექტა და მიაღებინეს 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი გენერალ-ლეიტენანტი, ბადრი ბიწაძე დუმილს არღვევს და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე საუბრობს.
ბადრი ბიწაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ როგორც კი 7 ნოემბრის დარბევა მოხდა, იგი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შავნაბადაზე გამოიძახა.
ბადრი ბიწაძის მეუღლეს, ნინო ბურჯანაძეს მაშინ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
ამასთან, ბადრი ბიწაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების იმ კონკრეტულ პირებს ასახელებს, ვისი რჩევითაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებს იღებდა.
„დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაკვირდები, იმ მომენტში მან ნინოს ჩამომაშორა, რადგან შიში ჰქონდა, ერთმანეთში არ მოგველაპარაკა და საგანგებო განცხადება არ გაეკეთებინა, რომელიც სააკაშვილს ძირს გამოუთხრიდა, მან კარგად იცოდა ჩვენს ოჯახში არსებული განწყობის შესახებ და განსაკუთრებით კარგად უწყოდა ის, რომ, ჩვენი უფროსი ვაჟი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებასა და პროტესტს არსებული პოლიტიკური ვითარების გამო.
2007 წლის 7 ნოემბერი თენდებოდა, როცა სახელმწიფო კანცელარიაში, სააკაშვილის კაბინეტში, მე და ნინო სააკაშვილს ვესაუბრეთ! შევთანხმდით, რომ ისედაც მცირერიცხოვანი მომიტინგეების წინააღმდეგ არავითარი ძალა არ იქნებოდა გამოყენებული… არც იყო ამის საჭიროება.. მე და ნინო წამოვედით გულდამშვიდებულები, მაგრამ ჩვენს შემდეგ სააკაშვილთან შევიდნენ ბოკერია, უგულავა, მთელი მაგათი სექტა და სწორედ მათ მიაღებინეს სააკაშვილს მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება. უფრო ბოკერიას ჰქონდა გავლენა… მგონი სააკაშვილს აშინებდა კიდეც! აშკარად ვხედავდი, რომ ესენი სააკაშვილს აშანტაჟებდნენ. ყოველ ღამე, დაახლოებით ღამის 2 საათის შემდეგ, სექტის წევრები კაბინეტში იკრიბებოდნენ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. შეკრება ძირითადად კანცელარიაში, სააკაშვილის კაბინეტში იმართებოდა. ზოგი ჩაის სვავდა, ზოგი -ყავას, ზოფი „პეჩენიას“ ჭამდა… ღამის 2 საათის შემდეგ, ზედმეტი ხალხი მიდიოდა და სააკაშვილის გარშემო იკრიბებოდნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. აი, ესენი იღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ირაკლი ოქრუაშვილი ამ შეკრებებს ხან ესწრებოდა ხან -არა, რადგან, ოქრუაშვილი სააკაშვილს ებუტებოდა ხოლმე, მერე შერიგდებოდნენ“, – აცხადებს ბადრი ბიწაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.