“ბექა ხახუბიას საქმე” – პროკურატურა მთავარ მოწმეს ცრუ-ჩვენებას ედავება
გორის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ვაჟის, 21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლოში ჩვენება უკვე მისცა არაერთმა მოწმემ, მათ შორის პატრულ-ინსპექტორმა გიორგი სურამელმა, რომელიც სხვებთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა ბექა ხახუბიას ავტომობილის ადევნების ოპერაციაში, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ პატრულ-ინსპექტორ გიორგი სურამელის მიმართ ცრუ ჩვენების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რა ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და რატომ ადანაშაულებს პროკურატურა საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ცრუ ჩვენების მიცემაში? ამ საკითხზე ოდნავ ქვემოთ უშუალოდ ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციებს გაგაცნობთ.
21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა. სწრაფი სიჩქარით მიმავალ მძღოლს, რომელიც საპატრულო პოლიციას არ ემორჩილებოდა, გზა სატვირთო ავტომობილით გადაუკეტეს, თუმცა გვირაბიდან გამოსულმა ბექა ხახუბიამ ავტომობილის შეჩერება ვეღარ შეძლო და სატვირთოს დიდი სისწრაფით დაეჯახა. ხახუბია ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს კი ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარუდგინეს. ბრალდებულები – გიორგი რუსიშვილი, ზურაბ სადაღაშვილი და ნუკრი ხაბელაშვილი სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ერთი წლის შემდეგ საბოლოო ვერდიქტი ჯერაც უცნობია.
ამასობაში აღმოჩნდა, რომ პროკურატურა ამ საქმის ერთ-ერთი მოწმის ირგვლივ ცალკე გამოძიებას აწარმოებს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. ირაკლი შოთაძის უწყებაში განმარტეს, რომ გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს:
„შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ.ს-ს მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 15 მარტს, გორის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, სადაც საქმე ეხება მოქალაქე ბ.ხ-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტს, გ.ს.-მ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება. 2018 წლის 26 მარტს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას. ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განმარტეს მთავარ პროკურატურაში.
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელების ინტერესების დამცველი ადვოკატი თამარ აბესაძე კი მოწმეზე ზეწოლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პატრულ ინსპექტორის მიმართ საქმე აღძრეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან სასამართლოში სიმართლე ილაპარაკა.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა ამ მიმართულებით გამოძიების დაწყებას გეგმავდა, თუმცა ახლა თქვენგან ვიგებ, რომ ეს გამოძიება უკვე დაწყებულია. სამწუხაროდ, პროკურატურა ასეთი მეთოდით ცდილობს ზეწოლას პატრულზე, რომელმაც სასამართლოს სიმართლე უამბო. და საერთოდ, დღეს საკუთარი მოვალეობის შესრულებისთვის ასამართლებენ პოლიციელებს, რომლებიც ცდილობდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და დიდი სისწრაფით მიმავალი მძღოლის შეჩერებას. მძღოლის, რომელიც საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ პატრულის თანამშრომლებს, არამედ სხვა მოქალაქეებსაც. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ის პატრულს არ დაემორჩილა. წინასწარი გამოძიების პროცესში ბრალდების მხარეს მოწმეებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა არ დაუსვამს, მაგალითად, ის – იყო თუ არა დაუმორჩილებელი მძღოლი გაფრთხილებული. ეს კითხვები დავსვით ჩვენ და როდესაც მოწმეებმა სიმართლე თქვეს, ამას პროკურატურა ცრუ ჩვენებად აკვალიფიცირებს“, – აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე.
„პრაიმტაიმი“ ასევე აქვეყნებს, მოწმე გიორგი სურამელის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც დეტალურად არის აღწერილი როგორც დევნის ოპერაცია, ისე საპატრულო ეკიპაჟების რადიოსადგურში გადაცემული ინფორმაციები. აი, რას უყვება გიორგი სურამელი საგამოძიებო ორგანოს:
„2017 წლის 16-17 მაისს ვიყავი მორიგე და მეწყვილე ილია გვარამაძესთან ერთად ვახდენდი პატრულირებას ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე. ეს არის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრიდან 102-კილომეტრამდე პერიმეტრი, რომელიც მოიცავს ქალაქ გორის გვირაბიდან ქარელის გადასახვევამდე ტერიტორიას. ვმოძრაობდით სამსახურებრივი ავტომანქანით ბორტის ნომრით 42-09 და სახელმწიფო სანომრე ნიშნით AF-146-FA. ავტომანქანის საჭესთან ვიჯექი მე.
რამდენადაც მახსოვს, 2017 წლის 16 მაისს დღის განმავლობაში მეწყვილესთან ერთად ჩვეულ რეჟიმში ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, ღამის 00:00 საათისთვის მე და ილია გვარამაძე დასასვენებლად შევედით შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დავყავით ღამის 03:30 საათამდე. მთავარი სამმართველოს შენობიდან გამოვედით 207-ე ეკიპაჟის წევრებთან – ზურაბ რუსიშვილთან და გია სადაღაშვილთან ერთად, რომლებიც ჩვენსავით დასასვენებლად იმყოფებოდნენ სამმართველოს შენობაში. ავტომანქანაში ჩაჯდომისას რადიოსადგურის საშუალებით მოვისმინე პირველი ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორების ლაშა გაგნიძისა და გოგიტა ჟამერაშვილის ავტომანქანის რადიოსადგურიდან გადაცემული ინფორმაცია, რომ BMW-X5-ის ავტომანქანა სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით IX-111-XI მოძრაობდა გადაჭარბებული სისწრაფით, ქმნიდა საავტომობილო გზაზე საავარიო სიტუაციას და ავტომობილის მძღოლი არ ემორჩილებოდა მათ მოთხოვნას – გაეჩერებინა ავტომანქანა. ხსენებული პატრულ-ინსპექტორები ითხოვდნენ დახმარებას, მოგვიანებით გოგიტა ჟამერაშვილმა მიამბო, რომ დევნისას BMW-X5-ის მძღოლს მანქანა გაუჩერებია კიდეც, გოგიტა მისულა ავტომანქანასთან მძღოლის მხრიდან, კარების ფანჯარა ბოლომდე აწეული ყოფილა, მძღოლს გამოუხედავს და შუა თითი უჩვენებია, რის შემდეგაც სწრაფად დაუძრავს მანქანა, როდესაც გოგიტა ჟამერაშვილი ეკიპაჟის მანქანაში ჩამჯდარა და გზაზე გაუხედავს, ავტომანქანა BMW-X5 იმდენად შორს ყოფილა, რომ, როგორც გოგიტამ თქვა, „აღარც ჩანდაო“. პირველად გადმოცემული ინფორმაციების შემდეგ ლაშა გაგნიძისა და გოგიტა ჟამერაშვილის ავტომანქანის რადიოსადგურიდან ასევე ვიღებდით ინფორმაციას, რომ ავტომანქანა BMW-X5-ის მძღოლი დიდი სიჩქარით აგრძელებდა მოძრაობას, ისინი ვერ ახერხებდნენ მის გაჩერებას და ესაჭიროებოდათ დახმარება.
ამ ეკიპაჟის სამოქმედო ტერიტორიის შემდეგ კვადრატზე ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი მეწყვილესთან ერთად ახდენდა პატრულირებას. მცირე ხნის შემდეგ სწორედ მისი ავტომანქანის რადიოსადგურიდან შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ მათ მიერ საავტომობილო გზის მარცხენა, ანუ ჩქაროსნული ზოლის დაკავებისას და ამ ზოლზე მოძრაობის შეზღუდვის დროს ავტომანქანა BMW X5-ის მძღოლმა მარჯვენა მხრიდან აუქციათ გვერდი, თან ისეთი მანევრი გააკეთა, რომ, ნუკრი ხაბელაშვილის გადმოცემით, კინაღამ დაამტვრია ისინი. ამ დროს რადიოსადგურზე ასევე გავიგონეთ ქალაქ გორის საპატრულო ეკიპაჟის წევრის გოგიტა ქავთარაძის ხმა: „ჩვენც ხომ არ ავიდეთ თანამშრომლების დასახმარებლადო“. სავარაუდოდ, ის ხელმძღვანელობას მიმართავდა, ეტყობა, თანხმობა მიიღო, თუმცა რაციაზე ვერ გავარჩიე, ვინ მისცა თანხმობა. სხვა საპატრულო ეკიპაჟის სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლის ნებართვა მას შეეძლო მიეღო მხოლოდ სამმართველოს პასუხისმგებელი მორიგისგან და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მერაბ ძაბირაძისგან. გოგიტა ქავთარაძის მეწყვილე იყო გიორგი ელიაშვილი. ისინი მოძრაობდნენ „შკოდას“ მარკის ავტომანქანით. ისინი რაციით დაუკავშირდნენ ზურაბ თინიკაშვილისა და მალხაზ ბირთველიშვილის ეკიპაჟს, მე და ილიას გვესმოდა, რომ ისინი ერთმანეთში ათანხმებდნენ, როგორ უნდა შეეზღუდათ მოძრაობა ავტომანქანა BMW X5-ის მძღოლისთვის. ცოტა ხანში, თუ არ ვცდები, ზურა თინიკაშვილისა და მალხაზ ბირთველიშვილის რადიოსადგურიდან გავიგონე, რომ ავტომანქანა BMW X5-ის მძღოლი არც მათ დაემორჩილა და მათ მიერ მოძრაობის შეზღუდვა კინაღამ ავარიით დასრულდა. ამ დროისთვის რადიოსადგურზე თითქმის ყველა ეკიპაჟი სხვადასხვა ინფორმაციას გადასცემდა, შექმნილი იყო აჟიოტაჟი და თანამშრომლების ხმები კარგად არ მესმოდა, ვერ ვარჩევდი. რაღაც მომენტში გავიგონე პასუხისმგებელი მორიგის, მერაბ ძაბირაძის ხმა, რომელიც ეკიპაჟის წევრებს მოგვიწოდებდა, რომ ავტომანქანა BMW X5 გადაგვეცა დაკავებაზე. ავტომანქანა დაკავებაზე ათმეთაურმა ნუკრი ხაბელაშვილმა გადასცა. მაგისტრალზე მე და ილია გვარამაძე გზის 82-ე კილომეტრზე არსებული ასახვევიდან ავედით, ამ დროს ავტომანქანის რადიოსადგურზე გავიგონე გოგიტა ქავთარაძის ხმა, რომელიც მოგვმართავდა მე და ილია გვარამაძეს, რომ ავტომანქანა BMW X5-ის მძღოლისთვის, ქალაქ გორის დასავლეთის მიმართულების მხარეს შეგვეზღუდა მოძრაობა. ჩვენ ვიმყოფებოდით გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში, როდესაც უკანა ხედვის სარკეში გავიხედე, დავინახე დიდი სისწრაფით მომავალი ავტომანქანა BMW X5. იმ დროისთვის საავტომობილო გზის მარჯვენა ზოლში მოძრაობდა სატვირთო ავტომანქანა. მე გადავედი მარცხენა ჩქაროსნულ ზოლში, რადგან ვიფიქრე, რომ შესაძლებელი იქნებოდა, BMW X5-ის მძღოლს მოძრაობა არ შეენელებინა, დამჯახებოდა კიდეც. საჭეს მჭიდროდ ჩავკიდე ხელი, BMW X5-ს მოძრაობა არც კი შეუნელებია. ავტომანქანის მძღოლი თითქმის მთლიანად გადავიდა სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს შეუქმნა საავარიო სიტუაცია – ავარიული მანევრით მარჯვენა მხრიდან აუარა გვერდი და გააგრძელა გზა. მოძრაობის შეზღუდვის დროს სატვირთო ავტომანქანას გვერდით მიყვებოდა და მისი სახელმწიფო ნომერი არ დამინახავს. მე და ილია გვარამაძე ავტომანქანა BMW X5-ს გავყევით უკან. დამატებით რომელი ეკიპაჟები აგრძელებდნენ დევნას, არ ვიცი. ჩვენი ეკიპაჟის ავტომანქანა სხვებთან შედარებით მოწესრიგებულია, უფრო დიდი სისწრაფე შეუძლია განავითაროს, ასე რომ, სხვები მალევე ჩამოგვრჩნენ. ავტომანქანა BMW X5-ს მივყვებოდით 180-200 კმ/სთ სიჩქარით. 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას საავტომობილო გზაზე ავტომანქანა BMW X5-ის ლანდს ვხედავდი. მას წამოვეწიე სოფელ აგარებთან. BMW X5 ჩვენგან სადღაც 100 მეტრში იმყოფებოდა, როდესაც საავტომობილო გზაზე დავინახე საპატრულო პოლიციის 3 ეკიპაჟის ავტომანქანა, რომელთაც სავალი გზა შეზღუდული ჰქონდათ. საავტომობილო გზაზე ხსენებული ავტომანქანების წინ იდგა საპატრულო პოლიციის 3-4 თანამშრომელი, რომლებიც BMW X5-ის მძღოლს ხელით ანიშნებდნენ, რომ გაჩერებულიყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას და პირდაპირ წავიდა მათი მიმართულებით. პოლიციის თანამშრომლები გვერდზე რომ არ გადამხტარიყვნენ, ფაქტობრივად, BMW X5 მათ გადაუვლიდა. დავინახე, რომ BMW X5-ის მძღოლმა გაიარა საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს შორის, გადაუარა სავალი გზის გამყოფ პლასტმასის ბოძებს და დაახლოებით, 50 მეტრის გავლის შემდეგ გადავიდა სავალი გზის საწინააღმდეგო ზოლში, რის შემდეგაც გვერდულად გააჩერა ავტომანქანა. ამით ვისარგებლეთ ჩვენც, გადავედით საწინააღმდეგო ზოლში და ავტომანქანა ისე გავაჩერე, რომ მანქანის წინა ნაწილი საწინააღმდეგო ზოლში იყო. ვვარაუდობდი, რომ თუ BMW X5-ის მძღოლი ამ მხარეს წამოვიდოდა, ჩემთვის გვერდი რომ აექცია, უნდა შეენელებინა მოძრაობა. ამის შემდეგ დავინახე, რომ მძღოლმა გვერდულად გაჩერებული ავტომანქანა მთლიანად შემოატრიალა და კვლავ უკანა გზაზე, ჩვენკენ წამოვიდა. იმდენად სწრაფად დაიწყო მოძრაობა, რომ მივხვდი, გაჩერებას არ აპირებდა. ამდენად, რომ არ დამჯახებოდა, ავტომანქანა უკუსვლით დავწიე. BMW X5-ის გავლის შემდეგ კი კვლავ უკან გამოვყევით. თბილისის მიმართულებით ის კიდევ უფრო სწრაფად მოძრაობდა. ჩვენ ვმოძრაობდით 180-200 კმ/სთ სიჩქარით, თუმცა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 90-ე კილომეტრზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „გუდვილთან“ ავტომანქანა BMW X5 დავკარგეთ თვალთახედვის არიდან. მინდა გითხრათ, რომ სოფელ აგარებთან მომხდარის შემდეგ ჩვენი ეკიპაჟების რადიოსადგურებში სულ უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნა. ახალსოფელთან არ ვიყავით მისულები, როდესაც რაციაზე გავიგონე სიტყვები: „იქნებ გვირაბთან ტრაილერები რომ ჩერდებიან, ტრაილერების მეშვეობით გზა დავკეტოთ და ავტომანქანა გავაჩეროთო“. კონკრეტულად, თუ ვინ თქვა, ვერ გავარჩიე, რაციაზე თითქმის ყველაზე ეკიპაჟის წევრი საუბრობდა და როგორც გითხარით, თანამშრომლების ხმას ვერ ვარჩევდი. მე და ილია გვარამაძე რაციაში გადავცემდით ჩვენს ადგილმდებარეობას. ქარელთან, ან სოფელ რუისთან უნდა ვყოფილიყავით, როდესაც ავტომანქანის რადიოსადგურზე გავიგონე 207-ე ეკიპაჟის წევრის გია სადაღაშვილის ხმა: „გადავკეტოთ გზაო?“. თითქოს ვიღაცას ეკითხებოდა, გადაეკეტა თუ არა საავტომობილო გზა. მას ვიღაცამ უპასუხა, გადაკეტეთო, თუმცა, თუ ვინ უთხრა გია სადაღაშვილს, რომ გზა უნდა გადაეკეტა, ვერ გავარჩიე, ვინაიდან, როგორც გითხარით, ამ დროისთვის რაციაზე თითქმის ყველა ეკიპაჟის წევრი საუბრობდა და რთული იყო ხმის გარჩევა. ამის შემდეგ რაციაზე ინფორმაციის გადაცემა, როგორც ვიცი, შემცირდა. მინდა გითხრათ, რომ საავტომობილო გზაზე მოძრაობის გადაკეტვის შესახებ საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები, ვინც უშუალოდ ხაზზე იმყოფებოდნენ, მათ შორის, პასუხისმგებელი მორიგე. ჩვენ ვაგრძელებდით მოძრაობას გორის გვირაბის მიმართულებით. ვინაიდან ჩემთვის ცნობილი იყო, რომ გორის გვირაბთან საავტომობილო გზა გადაკეტილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ ვიცოდი გადაკეტვის ზუსტი ადგილი, გვირაბთან მისვლისას მოძრაობა შევანელე და სადღაც 140 კმ/სთ სიჩქარით შევედი. გვირაბიდან გამოსული არ ვიყავი, როდესაც რაციაზე გავიგე ზურაბ რუსიშვილის ხმა. ის გადასცემდა ინფორმაციას, რომ გვირაბთან მომხდარი იყო ავტოავარია და ითხოვდა, ადგილზე მისულიყვნენ სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. გვირაბიდან გამოსვლისთანავე საავტომობილო გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს სათადარიგო ზოლში მდგომი ევაკუატორი დავინახე. მას ავარიული ჩართული ჰქონდა თუ არა, ვერ ვიხსენებ, თუმცა ზუსტად მახსოვს, რომ განათება ჩართული ჰქონდა. ამის შემდეგ საავტომობილო გზის შუა ნაწილში ავტომანქანის საბურავი და გზაზე თითქმის განივად მდგომი სატვირთო ავტომანქანა დავინახე. დამტვრეული ავტომანქანა BMW X5 მხოლოდ ამის შემდეგ შევნიშნე. BMW X5, რომელიც ერთიანად დამტვრეული იყო, 3-4 მეტრით იყო გაცილებული სატვირთო მანქანას, მისი უკანა ნაწილი სანიაღვრე მხარეს იყო, ხოლო წინა – გზაზე თითქმის განივად მდგომი ტრაილერის კაბინის მხარეს. ავტომანქანა გავაჩერე სატვირთოს წინ სადღაც 10 მეტრში, მე და ილია გვარამაძე გადავედით ავტომანქანიდან. ვინაიდან ავტოავარიის შედეგად, დაზიანებული იყო სატვირთო ავტომანქანის საწვავის ავზი და იქიდან დაღვრილი საწვავი საფრთხეს უქმნიდა იქ მყოფ პირებს, პირველ რიგში ყურადღება სწორედ უსაფრთხოებაზე გამახვილდა. მაშველები მალევე მოვიდნენ. მათ ავტომანქანა BMW X5-ის წინა და უკანა კარები, აგრეთვე, „სტოიკა“ გაჭრეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მძღოლის ავტომანქანიდან გადმოყვანა. ის გარდაცვლილი იყო. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის ძმა და მისი მეუღლე მოვიდნენ. მათგან გავარკვიეთ, რომ ავტომანქანა BMW X5-ს თბილისიდან მოჰყვებოდნენ. ამის შემდეგ საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანები, გვირაბში რომ არ შესულიყვნენ, 88-ე კილომეტრიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა გადავრთეთ შემოვლით გზაზე“.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”