„ერთად გავიხსენოთ ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი“

7 მაისს, 20 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტს, მრავალი პრემიის ლაურეატს, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესს გაიხსენებენ. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება. მსახიობმა პროფესიული მოღვაწეობის ექვსი ათეული წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კინოსა თუ თეატრში, თუმცა საერთაშორისო მასშტაბის აღიარება მას ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძისეულმა ეკრანიზაციამ მოუტანა.
მსახიობს გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები გაიხსენებენ. საღამოზე „ერთად გავიხსენოთ ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი“ უჩვენებენ ნაწყვეტებს ოთარ მეღვინეთუხუცესის ნათამაშები ბოლო სპექტაკლიდან – „მემუარები“. ღონისძიების მსვლელობისას არტისტის მეუღლე გურანდა გაბუნია ამავე სპექტაკლიდან რამდენიმე ეპიზოდს შეასრულებს. ხსოვნის საღამოს რეჟისორები არიან: ლევან წულაძე და ირაკლი გოგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები