კურორტების განვითარების სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის“ წევრი გახდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო „ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის“ (EHTTA) წევრად აირჩიეს. ინფორმაციას კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„წევრობის დამადასტურებელი სიგელი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იზაბელ გრეგუარმა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე ონოფრიშვილს 20 სექტემბერს, ბელგიის სამეფოში, ლიეჟის პროვინციის ქალაქ სპაში გამართულ EHTTA-ს საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე საზეიმოდ გადასცა.

„დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია სააგენტოს და საქართველოს კურორტების ისტორიაში. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმა და კონტაქტები და ევროპულ საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ საქართველოს მდიდარი საკურორტო პოტენციალი“ – აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს გაწევრიანების საკითხთან ერთად, წევრი სახელმწიფოების სპა მემკვიდრეობის საკითხები, თერმული კურორტების განვითარების შესაძლებლობები, თანამედროვე ტენდენციები და ხედვები განიხილებოდა.

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს,

EHTTA-ში გაწევრიანება საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირებას, პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები