ასლან ბჟანია – რუსეთის მიერ ხელფასების თანადაფინანსების შეჩერება აფხაზეთის ბევრ მოქალაქეს შეეხება, რადგან ჩვენი ეკონომიკა არ მუშაობს ეფექტურად, ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური განვითარების იმ დონეს, რომელიც გვჭირდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსების შეჩერება მოქალაქეების დიდ ნაწილზე აისახება.

„რუსეთის ფედერაციიდან მიღებულ იქნა დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ [1-ელი სექტემბრიდან] საჯარო სექტორის გარკვეული კატეგორიის დასაქმებულთა ხელფასების თანადაფინანსება შეჩერებულია მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს. დაფინანსების პროცესის შეჩერება, რა თქმა უნდა, შეეხება აფხაზეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს – მასწავლებლებს, ჯანდაცვის მუშაკებს, კულტურის მუშაკებს და ბევრ სხვას. ამიტომ, ახლა ამ საკითხს აფხაზეთის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი ამუშავებენ“, – განაცხადა ბჟანიამ.

მისი მტკიცებით, რუსეთთან ურთიერთობაში კრიზისი არ არის და არც სამომავლოდ იქნება. „სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში კრიზისი არ არის და არ იქნება, არის მხარეთა ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს შეთანხმებებიდან, აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ საუბარია, კერძოდ, „მთავრობათაშორის“ შეთანხმებაზე კომერციულ საქმეებზე საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც რატიფიცირებისთვის ე.წ. პარლამენტშია წარდგენილი.

მისი თქმით, საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება  ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის შესაძლებლობებს ხსნის.

„ჩვენი ეკონომიკა არ მუშაობს ეფექტურად, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური განვითარების იმ დონეს, რომელიც გვჭირდება მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად და ინვესტიციების მოზიდვის გარეშე შეუძლებელია, ეკონომიკა სხვანაირად არ მუშაობს. ჩვენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან შეგვიძლია განვახორციელოთ ინვესტიციები და ინვესტორი მაშინ მოვა ქვეყანაში, როდესაც მისთვის უსაფრთხოების პირობები შეიქმნება“, – აღნიშნა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები