7 მაისს პოეზიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

7 მაისს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. 1920 წლის 7 მაისი პოეზიის დღედ „ ცისფერყანწელთა“ ორდენმა გამოაცხადა და რამდენიმე წელი აღინიშნებოდა. ამ დღისადმი მიძღვნილი გაზეთიც გამოდიოდა, რომელიც საღამოზე ცისფერყანწელთა სხვა პერიოდულ გამოცემებთან ერთად იქნება გამოფენილი.
შვიდმაისობის აღდგენის იდეა 2010 წელს გაჩნდა და უკვე მეხუთე წელია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს პოეზიის სიყვარულით აერთიანებს. პოეზიის დღესასწაულში მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს მთავარი თემა კი ბატონი ბიძინა მგალობლიშვილის პოეზია იქნება.
აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის წევრი ბიძინა მგალობლიშვილი 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს სოხუმში. იქვე დარჩა მისი გამოუქვეყნებელი კრებული. გამოფენაზე წარმოდგენილი ლექსები ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შემოინახეს და ფართო საზოგადოება რამდენიმე მათგანს პირველად გაეცნობა. საღამოზე გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ სოხუმი“ იქნება ნაჩვენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები