ქანთარია აღიარებს, რომ არატრადიციული ორიენტაცია გადახრაა

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, აუცილებელია ფხიზელი თვალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონები უნდა ვაკურთხოთ და ისე გამოვიტანოთ პარლამენტში.
„აქტიურობა ცუდი არაა; ეკლესიაც ძალიან ფხიზლად უნდა უდგებოდეს ყველაფერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონები უნდა ვაკურთხოთ და ისე გამოვიტანოთ პარლამენტში; თუმცა აუცილებლად საჭიროა ფხიზელი თვალი, როგორც საზოგადოების, ასევე ეკლესიის მხრიდან”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონზე საუბრისას.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ქვეყანას სჭირდებოდა.
„ვნახავთ, რომ ეს ის კანონია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. თუ გვინდა ევროპულ წესრიგში მოვექცეთ, ასეთი დოკუმენტის მიღება საჭირო იყო. დადებითი მოვლენაა, რომ საზოგადოება უკვე თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს. იმ ხალხმაც კი ამოიღო ხმა, რომელსაც აქამდე ალიკაპი ჰქონდა და არაფერს ამბობდა. იყო მოსაზრება, რომ ეს კანონი გამოშიგნულია და სადამსჯელო ღონისძიებების გამკაცრებაა საჭირო. მეორე მხარეს იდგა საზოგადოება და ეკლესია, იყო დაძაბულობა რამდენიმე ტერმინთან დაკავშირებით. რახან ეს შიშები იყო, ვეცადეთ მაქსიმალურად განგვემარტა”, – განაცხადა „რეპორტიორის” პრესკლუბში ქანთარიამ.
მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგაა მიმართული.
„ბუნებაში ეს ხალხი არსებობს და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. მეც ვაღიარებ, რომ არატრადიციული ორიენტაცია გადახრა და ბუნების კანონების საწინააღმდეგოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი უნდა ჩავწიხლოთ, დავამციროთ და დავჩაგროთ”, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები