რას აცხადებენ ქართველები, რომელთაც საბერძნეთში მოხუცის წამება დააბრალეს
რამდენიმე დღის წინ ბერძნული მედია იუწყებოდა, რომ ქართველებს 85 წლის ბერძენი ქალის წამებაში ადანაშაულებენ.
შემთხვევა ათენის გარეუბანში მოხდა, ყაჩაღებმა მარტოხელა მოხუცი საწოლზე დააბეს და ცხელი უთოთი აწამეს. მედიამ რვა პირის ფოტო გამოაქვეყნა. მათი ცნობით, დაკავებულები სასჯელს ანალოგიური დანაშაულისთვის ადრეც იხდიდნენ.
ინფორმაცია და ფოტოები ქართულ მედიაშიც გავრცელდა და ზოგიერთმა ახლობლები ამოიცნო.
„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, ჯგუფში შვიდი ქართველია, ერთი კი ყაზახეთის მოქალაქე. გავრცელებულ ფოტოებში სამი ქალია: სოფიო საკანდელიძე, სოფიო ფხაკაძე და მისი 19 წლის გოგონა ანანო ხერხაძე.
როგორც გამოცემა წერს, ირკვევა, რომ ისინი დაპატიმრებული არ არიან, მაგრამ დაკავებული არიან საკანდელიძისა და ფხაკაძის მეუღლეები. ქალები დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. მაშინ როგორ აღმოჩნდა მათი ფოტოები პრესაში და რატომ დააკავშირეს ისინი ადამიანის წამებასთან?!
როგორც ამბობენ, ყაჩაღობის დროს ისინი ბერძენ სამართალდამცველებს სულ სხვა ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული, თუმცა, პოლიციამ მტკიცებულებები იმ საქმეზე ვერ წარადგინა. ქალები სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ და ბერძნული მედიისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამბობენ, რომ ფოტოების გავრცელების შემდეგ, მათ ქუჩაში ცნობენ და შეურაცხყოფენ. სოფიო საკანდელიძეს ოჯახის დიასახლისმა ნაქირავები ბინის დაცლა მოსთხოვა, ხოლო სოფიო ფხაკაძე, 4 წლის შვილთან ერთად, მაღაზიაში რომ შენიშნეს, ხალხმა პოლიცია გამოიძახა.
“არც ერთ ჩვენგანს შეხება არა გვაქვს მოხუცის წამებასთან, ყაჩაღობასთან. ვფიქრობ, ადგილობრივმა მედიამ მიზანმიმართულად იცრუა ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა. მოვითხოვთ, მედიამ გამოაქვეყნოს, რომ უდანაშაულოები ვართ. ითქვა, თითქოს ქალები დავდიოდით, როგორც საგადასახადოს თანამშრომლები და თუ მოხუცებს ვნახავდით, ბიჭებს ვეუბნებოდით. ესეც სიცრუეა, ჩვენ 18 ოქტომბერს დაგვაკავეს და 27 ოქტომბერს აწამეს ის მოხუცი, ჩვენ რა შუაში ვართ?! არც იმ საქმეში აქვს პოლიციას სამხილი, რასაც გვედავება. მითხრეს, ხომ იცი, რომ შენი ქმარი კარგი ადამიანი არ არის, აქ ქურდობსო, მაგრამ არანაირი სამხილი არა აქვთ”, – ამბობს სოფიო საკანდელიძე.
ბრძოლას აპირებს სოფიო ფხაკაძეც, რომლის ქმარ-შვილი ამჟამად პატიმარია:
„ ჩვენ მართლები ვართ, პირადად მე, ერთი დღეც არ ვყოფილვარ დაკავებული და რატო გავრცელდა ჩემი ფოტო, არ ვიცი. არა მაქვს იმისი გაჭირვება, რომ 60 ევროს გულისთვის ადამიანი დავაუთოვო“ -აცხადებს ფხაკაძე.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, არ იძებნება თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომ მოხუცის წამებაში საქართველოს ეს მოქალაქეები არიან გარეული.
თინათინ ხერხაძე, ანანო ხერხაძის მამიდა: – ყოველდღე ვესაუბრები ჩემს რძალს, მისგან გავიგე, რომ ჩემი ძმისშვილი ანანო დააკავეს, რადგან არალეგალია, სრულწლოვანი ახლახან გახდა და საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. წარმოიდგინეთ, 19 წლისაა, ახლა იწყებს ცხოვრებას და ასეთი სიცრუე ვრცელდება. დეპრესიაშია და რცხვენია საზოგადოებაში გასვლის. იმედია, ყველაფერი დალაგდება და ხალხის ყურამდე სიმართლე მივა, ის უდანაშაულოა. გავრცელებულ ფოტოებში ჩემი რძალიც არის, არადა ერთი დღითაც არ დაუკავებიათ. ჩემი ძმა და რძალი 11 წლის წინ წავიდნენ საბერძნეთში. ანანო 8 წელია იქ ჰყავთ, ანანოს 4 წლის ძმაც იქ არის და დედას ანანო ეხმარებოდა ბავშვის მოვლაში. სკოლაშიც იქ სწავლობდა და ქართულ ანსამბლ „ემიგრანტებში“ ცეკვავდა. ჩემი რძალი იქ ქართულ რესტორანში მუშაობს. არც ანანოს, არც ჩემს ძმას და რძალს მოხუცის წამებასთან კავშირი არ აქვთ…რადგან წასულები არიან უცხოეთში ეს არ ნიშნავს, რომ მონსტრები ხდებიან..“, -აცხადებს თინათინ ხერხაძე.
წყარო: „კვირის პალიტრა“