“სააკაშვილის „არღნის ჩიტები“: ნიჟარაძე და ჩხეიძე „თბილისობაზე“ დაბლოკეს”
„თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე რამდენიმე მომღერლის „დაბლოკვა“ სოციალურ ქსელსა და ტელემედიაში აჟიოტაჟის საგნად იქცა.
კერძოდ, საუბარია სააკაშვილის ფავორიტ სოფო ნიჟარაძესა და „ნაცების“ აქტიურ მხარდამჭერ ნინო ჩხეიძეზე, რომლებიც ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ. გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ „ასავალ -დასავალიდან“: „სააკაშვილის რეჟიმისადმი განსაკუთრებული ლოიალობითა და გულთბილი დამოკიდებულებით სწორედ სოფო ნიჟარაძე და ნინო ჩხეიძე გამოირჩეოდნენ. თანაც, ამ უკანასკნელს საკუთარი თანამეცხედრე – ვანო მერაბიშვილის ფავორიტი ბიზნესმენი, გიორგი კორახაშვილი უმაგრებდა ზურგს, რომელიც, ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, „ნაცმოძრაობის“ ზონდერჯგუფებსაც უწევდა კოორდინაციას. სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეზე დაწვრილებით საუბარი აღარ ღირს, რადგან ეს თემა უკვე გაცვეთილია, ხოლო თბილისის იერსახეს დღესაც ღრმა ჭრილობად ამჩნევია რიყეზე წამოჭიმული ორი მახინჯი „ტრუბა“ – ე.წ. საკონცერტო დარბაზი, რომლის მშენებლობაც სააკაშვილმა სწორედ სოფიკოსთვის წამოიწყო. ნინო ჩხეიძეს რაც შეეხება, იგი დღემდე „ნაცების“ გულდამწვარი ჭირისუფალია, მისი ქმარი გიორგი კორახაშვილი კი „ფეისბუქში“ ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს. შესაბამისად, იმან, ვინც ნაცმომღერლები – სოფო ნიჟარაძე და ნინო ჩხეიძე „შავ სიაში“ შეიყვანა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე არ ამღერა, ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ნამდვილად არ არის იმ სუბიექტების ადგილი, რომლებიც ქართველი ხალხის სისხლში გათხვრილ სააკაშვილს ეტრფიან და ოცნებობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს „ჯიბის ჰიტლერი“, რომელმაც საქართველოში სიკვდილის ესკადრონები ჩამოაყალიბა და ქართველის ბიჭების მწამებელი და გამაუპატიურებელი სისტემა შექმნა. ვინც სააკაშვილს უმღეროდა და დღემდე უმღერის, მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ქართველ ხალხს უმღეროს. სოფო ნიჟარაძემ და ნინო ჩხეიძემ იციან, რომ სააკაშვილი „ჯიბის ჰიტლერია“, მაგრამ დღემდე მას მისტირიან, რადგან სააკაშვილი მათ კარგად ექცეოდა. ერთი სიტყვით, სააკაშვილის „არღნის ჩიტებს“ : სოფო ნიჟარაძესა და ნინო ჩხეიძეს არც უნდა ჰქონოდათ იმის პრეტენზია, რომ ნასააკაშვილარ საქართველოში სცენაზე გამოვიდნენ და ხალხს უმღერონ! დაე, სოფო ნიჟარაძემაც და ნინო ჩხეიძემაც შეიგრძნონ ის, რასაც წლების განმავლობაში გრძნობდნენ და განიცდიდნენ „ნაცრეჟიმის“ მიერ „შავ სიაში“ შეყვანილი ნიჭიერი ქართველი მომღერლები: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ზურა მანჯავიძე, ზურა ხაჩიძე და სხვები! თუ, „ნაცრეჟიმის“ „არღნის ჩიტობა“ ნიჟარაძესა და ჩხეიძეს არ ეპატიებათ, მაშინ არც სხვებს- ანრი ჯოხაძეს, ნინი ბადურაშვილს და სტეფანე მღებრიშვილს უნდა ეპატიოთ, რომლებიც გუშინ „ნაცმოძრაობის“ მხადრამჭერ პარტიულ კონცერტზე მღეროდნენ, დღეს კი ბადრი პატარკაციშვილის დაფუძნებული და „ქართული ოცნების“ სატელიტი „იმედის“ ტელესახეები არიან. დღევანდელ ხელისფლებას ქართველი ხალხის თვალში ფასი მაშინ დაედება, როცა სააკაშვილის ნარჩენებისგან მთლიანად გათავისუფლდება და თავის რიგებში პორტირებულ ნაცებს ისევ ძველ საბუდარში – სააკაშვილის „ნაცში“ შერეკავს. საქართველოს პრობლემა ის არის, რომ დღევანდელი „ქოცები“ გუშინდელ „ნაცებთან“ ხმაშეწყობილად მღერიან, თორემ ნიჟარაძე და ჩხეიძე „თბილისობაზე“ იმღერებენ თუ არა, ეს თბილისსაც და საქართველოსაც სულ ვიოლინოზე ჰკიდია“.