ექსკლუზივი: ოთარ ფარცხალაძის გერმანიის ინციდენტის ახალი დეტალები

რას იხსენებს „კვირასთან“   ფარცხალაძის  მამის  ყოფილი თანამშრომელი?

ოთარ ფარცხალაძის მამა შეწუხებული მოვიდა და მითხრა, ჩემს შვილს გერმანიაში უსიამოვნება შეემთხვა, ეგებ დამეხმაროო, – ასე იხსენებს წლების წინანდელ მოვლენებს ყოფილი მთავარი პროკურორის მამის თანამშრომელი. ვაჟა კაპანაძემ გერმანიის ინციდენტის დეტალებიკვირასექსკლუზიურად მოუთხრო. ის წლების განმავლობაში შს სამინისტროში მუშაობდა და ერთდროს ანზორ ფარცხალაძის თანამშრომელიც იყო. „კვირასთანინტერვიუში მან ისიც გაიხსენა, თუ რა შეემთხვა ყოფილ მთავარ პროკურორს გერმანიაში და რატომ შეუფარდეს მას ორთვიანი პატიმრობა.

 „ოთარ ფარცხალაძეს პირადად არ ვიცნობ, მე მამამისს – ანზორს ვიცნობდი ძალიან კარგად. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადრე ერთად ვმუშაობდით და იმ დროიდან ვმეგობრობდით. წლების წინ, ოთარის მამას და მე, პარლამენტში, ერთ-ერთ კანონპროექტზე, ნარკომანიის თემაზე, ერთად მოგვიწია მუშაობა. მახსოვს, მაშინ იურიდიულ კომისიას აწ გარდაცვლილი მიხეილ ოსაძე ხელმძღვანელობდა. ანზორს ძალოვანი სტრუქტურებიდან ადრეც ვიცნობდი, თუმცა პარლამენტში თანამშრომლობისას ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით. მახსოვს, ერთხელ სამსახურში მოვიდა, სახეზე ფერი არ ჰქონდა და მითხრა: ჩვენი ურთიერთობის პერიოდში შენ რამდენჯერმე ახსენე, რომ გერმანიაში მეგობრები გყავს და მათი ოჯახის წევრებიც იქ ცხოვრობენ, ჩემი შვილია იქ წასული, რაღაც ინციდენტი მოხდა. იქნებ, იქ რამენაირად დავამყაროთ კავშირი, რომ გავიგო, რა შეემთხვაო. შემდეგ მომიყვა, რომ მისი შვილი, მეგობრებთან ერთად, გერმანიაში ავტომანქანის ჩამოსაყვანად წავიდა. ოთარმა მანქანა ერთ-ერთი ავტოსადგომიდან შეიძინა…,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანის, თუ არ ვცდები, 123-ე მოდელზე იყო საუბარი. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ეს მანქანა ნაავარიევი იყო, ავარიის შემდეგ საბუთებთან დაკავშირებული რაღაც პრობლემის გამო იაფად ყიდდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ავტომანქანა დაკავებაზე იყო გადაცემული. სწორედ ამიტომ, გზაზე მოძრაობისას, პოლიციამ ის გააჩერა, თუმცა არა საგზაო წესების დარღვევისთვის, არამედ როგორც დაკავებაზე გადაცემული მანქანა. როგორც მე ვიცი, ოთარს და მის მეგობრებს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, არანაირი დარღვევა ამ მხრივ არ არსებობდა. იქ მათი შორის შელაპარაკება მოხდა. იმათ ეტყობა ხმას აუწიეს… ამათაც, რის შემდეგაც პოლიციამ ოთარს და მის მეგობრებს მოჰკიდა ხელი და განყოფილებაში გადაიყვანა. ბიჭები კი ამტკიცებდნენ, რომ მართლები იყვნენ, მაგრამ საქმის გარკვევამდე მათ სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
სწორედ ამ სიტუაციის გარკვევა მთხოვა ოთარ ფარცხალაძის მამამ და მეც გერმანიაში ახლობელს, მანანა გამსახურდიას დავუკავშირდი. ეს გოგო ჩემი მეგობრის შვილი იყო. ავლაბარშია დაბადებული და გაზრდილი, თუმცა, გერმანიაშია გათხოვილი. საბედნიეროდ, მანანა გამსახურდიამ ჩემი თხოვნა გულთან ახლოს მიიტანა. ის ანზორ ფარცხალაძეს  დავაკავშირე, მახსოვს, რუსთაველზე ტელეგრაფის შენობიდან, პირადად, მე ორჯერ დავურეკე და ოთარის მამას ვალაპარაკე. მანანა მაშინვე დაგვპირდა, თავად ჩაიხედავდა საქმეში. ასე გვითხრა: მე შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ იურიდიულ ჯგუფებს მივმართო, სადაც ადვოკატები მუშაობენ და, შესაძლოა, მათი მეშვეობით შევძლო რამის გარკვევაო. მოგეხსენებათ, გერმანიაში მკაცრი კანონებია. ოთარს და მის მეგობრებს ადვოკატები კი ჰყავდათ აყვანილი, მაგრამ მათგანაც რთულია ინფორმაციის მიღება, რადგან ადამიანის უფლებების  დაცვის თვალსაზრისით ყველა ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ. სწორედ ამაში დაგვეხმარა მანანა გამსახურდია. მან გერმანიაში მოძებნა ოთარის ადვოკატის ნაცნობი პირი, მიაგზავნა მასთან და სიტუაციაში გაგვარკვია. მისგან გავიგეთ, რომ უმნიშვნელო ინციდენტი იყო მანქანასთან დაკავშირებით და ბიჭებს მალე გამოუშვებდნენ. მართლაც, ასე მოხდა. სისხლის სამართლის საქმე ორ თვეში დაიხურა და ოთარი და მისი მეგობრები გაათავისუფლეს. ამ ორი თვის განმავლობაში ოთარის მამა ხშირად მეუბნებოდა, რომ საქმე კარგად მიდისო… როგორც ვიცი, მე ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც ანზორ ფარცხალაძემ ამ ინცინდენტის დროს დახმარებისთვის მიმართა. ის ძალიან ემოციური კაცი იყო და ცდილობდა, ინფორმაცია ყველა მხრიდან მიეღო, რომ შვილის სიმართლეში დარწმუნებულიყო. ზუსტად ვიცი, ოთარი ყაჩაღი, ან დამნაშავე რომ ყოფილიყო, ის ამას არავითარ შემთხვევაში აპატიებდა შვილს. არც დაყაჩაღებით წამოუყვანიათ ის მანქანა და არც ვინმესთვის წაურთმევიათ. ეს აბსურდია! ასეც რომ ყოფილიყო, გერმანიიდან მანქანა რომ ჩამოიყვანო საქართველოში, ნახევარი ევროპა უნდა გაიარო, ან უკრაინის საზღვრით შემოხვიდე, ან თურქეთიდან, ამდენი საზღვარი იყო გადმოსალახი და ვინ გადმოგაყვანინებდა ნაყაჩაღარ მანქანას?
ამ ფაქტის შემდეგ, მრავალი წელი გავიდა, იმ ოჯახთან კონტაქტი გავწყვიტე და, გულწრფელად გითხრათ, ეს ინციდენტიც დავიწყებული მექნებოდა, რომ არა ოთარ ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნის ფაქტი… ეს ყველაფერი მახსოვდა, მაგრამ არასოდეს დამჭირვებია ამ შემთხვევის გახსენება. ის კი არა, ისიც არ ვიცოდი, მანამდე ფინანსურ პოლიციაში თუ მუშაობდა“…,- განაცხადა ვაჟა კაპანაძემ „კვირასთან“ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ვაჟა კაპანაძეს შსს სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს, სხვადასხვა დროს ის მუშაობდა პირადი შემადგენლობის ინსპექციაში, ოპერატიულ – სამორიგეო ნაწილის უფროსად, სახელმწიფო ქონებისა და სპეკულაციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსად და სხვა. შს სამინისტროში ის 2003 წლიდან აღარ ირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები