“ისიც კი არ ვიცი, ძმის დაკრძალვაში ვინ დამეხმარება” – რას ამბობს “კვირასთან” ვეფხვის მიერ მოკლულის ძმა
ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ახალგაზრდა მამაკაცი ოთარ ცუხიშვილი წარმოშობით მარნეულის რაიონის სოფელ საწერეთლოდანაა.
როგორც „კვირას“ სოფელ საწერეთლოს წარმომადგენელმა მარნეულის მუნიციპალიტეტში შალვა კუპრაშვილმა განუცხადა, ოთარ ცუხიშვილმა საჯარო სკოლაც ამავე სოფელში დაამთავრა.
მისივე თქმით, ოთარ ცუხიშვილს მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო თავად თბილისში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ავთანდილ იმედაძის ინფორმაციით, ოთარ ცუხიშვილის ცხედარი საავადმყოფოდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის ძმამ თამაზ ცუხიშვილმა განუცხადა, მის ძმას – ოთარ ცუხიშვილს მეუღლე ჰყავს და ოჯახით ორხევის დასახლებაში ცხოვრობდა.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ მას ტელეფონით მარნეულში შეატყობინეს.
თამაზ ცუხიშვილის ინფორმაციით, ძმის ცხედარს საწერეთლოში ხვალ გადაასვენებს და იქვე მშობლებთან დაკრძალავს.
„ახლა ექსპერიტიზა ტარდება. ხვალ დილით სოფელში გადავასვენებ. ჩემი ძმა დასუფთავების კომპანიაში მუშაობდა. ოჯახს რომ უჭირდა, თბილისში სამუშაოდ წამოვედით, ისიც კი არ ვიცი, ძმის დაკრძალვაში ვინ დამეხმარება“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას თამაზ ცუხიშვილი.
მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები, სადაც ოთარ ცუხიშვილი მუშაობდა, ამჟამად დაკითხვაზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა „ლაგუნა ვერესთან“ 43 წლის ოთარ ცუხიშვილი დაგლიჯა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით მიიყვანეს.
მთავარი პროკურორის განცხადებით, ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის შემთხვევაზე საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღიძრა.
იზა შაქარაშვილი