კიდევ ერთი გმირი – ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ყავარჯნით ხელში სტიქიის შედეგებს ებრძოდა

13-14 ივნისს თბილისში მოხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ერთ-ერთი მოხალისის ფოტომ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აღფრთოვანება, შექება და ემოციები დაიმსახურა. ფოტოზე ჩანს, რომ ყავარჯენზე დაყრდნობილი ახალგაზრდა მამაკაცი სტიქიის ზონაში ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული.
როგორც “კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ახალგაზრდა 25 წლის ჯეკო კორძაძეა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელია.
“კვირასთან“ საუბრისას ჯეკო კორძაძე ყვება, რომ მან შს სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირში, ერთ-ერთ მატჩში თამაშისას ფეხზე საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, ამიტომ მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს და ფიზიკური დატვირთვის მიღება მკაცრად აუკრძალეს. კორძაძის თქმით, 14 ივნისს დილით შეიტყო, რომ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მისი მეგობრები სტიქიის ზონაში მიდიოდნენ, რათა შესაბამის სამსახურებს შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებოდნენ.11280618_381113018761554_1847126102_n
როგორც კორძაძე ამბობს, ის ახალგაზრდების ერთსულოვნებამ საწოლიდან წამოაყენა, მეგობრებთან ერთად სტიქიის ზონაში წავიდა და სხვა მოხალისეებთან ერთად გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო. ჯეკო კორძაძე 5 ივნისის ღამეს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გაწმენდითი სამუშაოებშიც აქტიურად მონაწილეობდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში ვმუშაობ. აღნიშნული დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდის შემადგენლობაში ვარ. შიდა ტურნირის ფარგლებში, 11 ივნისს გამართულ თამაშზე დამიზიანდა მყესი და კუნთი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადამიყვანა საავადმყოფოში. ტრავმატოლოგმა წოლითი რეჟიმი დამინიშნა.
13 ივნისს მომხდარმა ტრაგედიამ ძალიან შემძრა. 14 ივნისს შევიტყვე, რომ ჩემი მეგობრები სხვა ახალგაზრდების მსგავსად, სტიქიის ზონაში აპირებდნენ წასვლას, რათა დახმარებოდნენ იქ მომუშავეებს. მათმა ერთსულოვნებამ, იმან, რომ ვმუშაობ ისეთ უწყებაში, როგორიც შსს-ა, მოქალაქეობრივი ვალდებულების შეგრძნებამ – ყველაფერმა ერთად წამომაყენა საწოლიდან, მომცა ძალა, რომ თანატოლებთან ერთად დავმდგარიყავი იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდი ჩემს ქვეყანას და, შეძლებისდაგვრად, მიმეღო მონაწილეობა გაწმენდით სამუშაოებში.
ჩვენ გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი და წყლის ნაკადის მიერ ჩამოტანილი ხის მორებისგან, ნაგვისგან ვწმენდდით ხილიანის ტერიტორიას. ეს იყო ერთსულოვნების ნათელი მაგალითი, იმხელა მუხტი მომცა ამ ერთიანობამ, ძალები მოვიკრიბე და, როგორც შემეძლო, მეც ვეხმარებოდი მათ. მანამდე ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი რომ დაიტბორა, იქაც ვმონაწილეობდი გაწმენდით სამუშაოებში, თუმცა მაშინ ტრავმა არ მქონდა მიღებული და მთელი ძალებით შევძელი მათი დახმარება. ის ფოტოები, სადაც ხილიანზე მუშაობისას ვარ აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში შემთხვევით ვნახე და ძალიან ემოციური და სასიამოვნო იყო იმ შეფასებების მოსმენა, რასაც ამ ფოტოზე წერდნენ ჩემი მისამართით“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ჯეკო კორძაძემ.

მარიამ ზედგინიძე

11350120_381113232094866_1639788908_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები