დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს – 9 დღეში ცენტრს 30-მდე მოქალაქემ მიაკითხა
ზაფხულის სეზონთან ერთად დამწვრობის ცენტრში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა.
1 ივნისიდან დღემდე კლინიკას 30 -მდე მოქალაქემ მიმართა, რომლებმაც გარუჯვის შედეგად მზით დამწვრობა მიიღეს, – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მზით დამწვარი პაციენტების უმრავლესობამ სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
„კლინიკაში მომართვიანობამ საგრძნობლად იმატა. ზაფხული ჯერ ახლა დადგა და 9 დღის განმავლობაში 30-მა პაციენტმა მოგვმართა. მათ სხეულის დამწვრობა ღია ტიპის საცურაო აუზზე, მზეზე გარუჯვის დროს მიიღეს. დაზარალებულებს შორის უმრავლესობა გოგონაა, მაგრამ არიან ბიჭებიც. მათ, ძირითადად, ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდათ, თუმცა 2 მათგანს კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე. კლინიკის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მზეზე გარუჯვის დროს, სხეულის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, მზის დამცავი საცხი აუცილებლად გამოიყენონ.