რა მოხდა ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში – არასრულწლოვანის გაუპატიურების დეტალები
„გამხდარი, კაფანდარა გოგოა, თანაკლასელებთან შედარებით სუსტად გამოიყურება“, – ასე ახასიათებს მე-5 კლასის დამრიგებელი თავის მოსწავლეს, რომელიც თანასოფლელმა გააუპატიურა.
ზესტაფონის რაიონში 10 წლის გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი პირი, ამავე სოფელში მცხოვრები, რამდენჯერმე ნასამართლევი 43 წლის პეტრე ფ-ძეა.
როგორც „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, არასრულწლოვნის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგებმა გაახმაურეს.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, 10 წლის მოზარდი, რომელიც 31 მაისს თანასოფლელმა გააუპატიურა, მეორე დღეს სკოლაში სასწავლო პროცესს დაესწრო. პედაგოგებმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია მოზარდის უფროსი დისგან შეიტყვეს.
სკოლის დირექტორი ე. ე. ამბობს, რომ 10 წლის გოგონას კიდევ ორი: მე-9 და მე-7 კლასელი უფროსი და ჰყავს. მისი თქმით, ბავშვების დედა საბერძნეთში სამუშაოდ 7-8 წლის წინ წავიდა და მათ, მამასთან ერთად, ბებია ზრდიდა. მისი თქმით, 31 მაისს ბებია სახლში არ იმყოფებოდა. მან თვალის ოპერაცია გაიკეთა და მეორე შვილთან, სხვა სოფელში იყო ჩასული.
„1 ივნისს უფროსი და მთელი დღის განმავლობაში ტიროდა, ნერვიულობისგან კანკალებდა, მაგრამ არავის არაფერს უმხელდა. გაკვეთილების ბოლოს, ა-ს დის ამბავი თანაკლასელისთვის გაუმხელია. თანაკლასელმა კი მომხდარი თავად გააცნობიერა და კლასის დამრიგებელს უამბო. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია მამიდას ტელეფონით შეატყობინეს. იმავე დღეს, პედაგოგის დახმარებით სამივე ბავშვი, მამიდასთან მატარებლით წაიყვანეს“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორი.
ამის შემდეგ, მომხდარი ბავშვების მამამ მამიდისგან შეიტყო. არასრულწლოვანების მამამ ინფორმაცია სამართალდამცავებს შეატყობინა.
„კვირა“ 10 წლის მოზარდის კლასის დამრიგებელსაც დაუკავშირდა.
„ამ ბავშვის დედა დიდი ხანია უკვე საბერძნეთში სამუშაოდ არის წასული. უმცროსი შვილი, 2 წლის იყო, როდესაც დედამ ზესტაფონის რაიონი დატოვა. ბავშვებს ბებია ზრდიდა. ისეთი გამხდარი, კაფანდარაა, გაოგნებულები ვართ მომხდარის შესახებ. 1 ივნისს ბავშვი სკოლაში ჩვეულებრივად მოვიდა. ვფიქრობ, მას არც კი აქვს გაცნობიერებული, თუ რა გადახდა თავს 31 მაისს. თავად მე, სკოლის დირექტორისგან შევიტყვე ეს ამბავი, ისე ჩვეულებრივად იქცეოდა ბავშვი, რომ არაფერი შემინიშნავს. ეს ამბავი უფროს დას რომ არ გაეხმაურებინა, თავად ბავშვი ვერაფერს აცნობიერებდა“, – აღნიშნა კლასის დამრიგებელმა ქეთევან გ-მ.
სკოლის პედაგოგების ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტი 31 მაისს, საღამოს მოხდა. თუმცა მედიაში ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
„ბავშვი სახლიდან წაუყვანია, მაღაზიაში კამფეტებს გიყიდიო, – უთქვამს. ამის შემდეგ პეტრე ფ-ძე აფთიაქში შესულა და წამალი უყიდია. წამალი ბავშვისთვის დასალევად მიუცია, მაგრამ არ დაულევია. აფთიაქიდან კი ვენახებში გადაუყვანია“, – ამბობენ სკოლაში.
გამოძიებამ სკოლის დირექტორი და პედაგოგები დღეს დაჰკითხა. დღესვე, არასრულწლოვანი ქუთაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში წაიყვანეს. ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
იზა შაქარაშვილი