ვინ ანადგურებდა უნიკალურ ხელნაწერებს ეროვნულ ცენტრში – რესტავრატორი ბუბა კუდავას წინააღმდეგ
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს ბუბა კუდავას ყოფილი თანამშრომელი, მხატვარ-რესტავრატორი ლია სიხარულიძე ბრალდებებს უყენებს. სიხარულიძის ბრალდებები კუდავას მიმართ ასეთია – მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, თანამდებობიდან მისი უკანონოდ გათავისუფლება, უფლებამოსილების გადამეტება, სიცრუე, ფინანსური დარღვევები, პირადი დიდების მოხვეჭის სურვილი.
სიხარულიძეს კუდავა ბრალდებებითვე პასუხობს, თუმცა დანაშაული, რაშიც ისტორიკოსი რესტავრატორს ამხელს, უფრო მძიმეა – რესტავრირების სტანდარტების დარღვევა, უძველესი წიგნების ყდების და სარესტავრაციო მასალის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება, უნიკალური ხელნაწერების განადგურება.
პრეისტორია
2006 წელს ხელნაწერთა უდიერად მოპყრობისა და განადგურების ბრალდებით ლია სიხარულიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იმჟამინდელმა დირექტორმა ბუბა კუდავამ სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ სიხარულიძემ სასამართლოში იჩივლა. რესტავრატორი აცხადებდა, რომ კუდავამ რესტავრაციის ლაბორატორიაში ხელნაწერები მიზანმიმართულად აურია და ფოტოები გადაუღო, რის შემდეგაც თქვა, რომ ლია სიხარულიძე ლაბორატორიაში არსებულ ხელნაწერებსა და სარესტავრაციო მასალებს უდიერად ეპყრობოდა და ანადგურებდა. სიხარულიძე მიიჩნევს, რომ კუდავა საკუთრი სახელის მოხვეჭვისთვის იბრძოდა, რაშიც ის ხელს უშლიდა.
„2006 წლის ივლისში კუდავა მოვიდა ჩემს ლაბორატორიაში. ბლოკნოტი და ფანქარი ეჭირა ხელში. შემოჰყვა თავისი მოადგილე გიორგი კალანდია და ჩვენი განყოფილების უფროსი დარეჯან გოგაშვილი. თქვეს, ინვენტარიზაციაზე ვართო. დაიწყეს აქეთ-იქით თვალიერება, თითქოს პირველად იყვნენ ჩემთან. დაიწყეს უჯრების, კარადების ჩხრეკა, საცავები გახსნეს, სადაც ხელნაწერები იყო, ყველაფრი ამოალაგეს მაგიდებზე, საჭრელ დაზგაზე, სკივრზე, სკამებზე, სავარძლებზე, სულ აქეთ-იქით ყრიდნენ, მერე დაწყეს ამ არეული სიტუაციის გადაღება. ხელნაწერები უსწორმასწოროდ დადეს, მერე შეუცვალეს მიმართულება, შეატრიალეს და ისე გადაიღეს ფოტოები, თითქოს ასე ვმუშაობდი. მივხვდი, რომ რაღაცისთვის ამზადებდნენ. შემდეგ დაიწყეს ინვენტარის, მასალის – ტყავების, მუყაოების, ყველაფრის აღწერა. რაც კი გამაჩნდა, ჩემი იყო თუ იმათი, ყველაფერი აღწერეს, ხელი მომაწერინეს და თვითონაც მოაწერეს. ორი დღე ამაზე ვმუშაობდით, მესამე დღეს ინსტიტუტის კომისია შედგა. ამის შემდეგ ხელნაწერთა უდიერი მოპყრობისა და განადგურებისთვის გამათავისუფლეს.
რაც კუდავას პიარს გაუკეთებდა, ყველაფერზე მე მქონდა მუშაობა დაწყებული. „მოქვის სახარებაზე“ ვმუშაობდი 2003 წლიდან, მას უნდოდა ეთქვა, რომ მისგან დაიწყო ეს, მისი სახელის გაჟღერება უნდოდა. მის მოსვლამდე წყნარად ვიჯექით და ყველანი ვმუშაობდით, არანაირი პიარი და გაზეთი. მიხვდა, რომ მე ყველაფერს წავეტანე. ფურცლების რესტავრაციაც ვისწავლე, ყდის გაკეთებაც და გამაგრებაც – ჩემნაირი კადრი საქართველოში არ არის, ყველას თითო დარგი აქვს. ძალიან ნელა ლაპარაკობს და ინტელიგენტურად იქცევა. იცით რა სატანა ზის მასში? ეშინიათ თანამშრომლებს. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, ხმას ვერ ამოვიღებთ ადგილს დავკარგავ და მეტი შემოსავალი არ მაქვსო. ადამიანებთან ისეთი მიდგომა აქვს, თავს აყვარებს, მლიქვნელია, ძალიან ცრუ კაცია, თამაშობს“, – ამბობს ლია სიხარულიძე.
რესტავრატორი სასამართლოში მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. სასამართლომ ლია სიხარულიძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 2006 წელს კუდავას მიერ სადავო ბრძანების გამოცემამდე ხელნაწერთა ინსტიტუტს არ გააჩნდა შინაგანაწესი, ამიტომ სადავო ბრძანებით სიხარულიძის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების დადასტურება ხელნაწერთა ცენტრმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო. კუდავას ბრძანების პირველი პუნქტი მხატვარ-რესტავრატორ ლია სიხარულიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაუქმდა. აღნიშნულის გამო სიხარულიძე თვლის, რომ მან პროცესი მოიგო, ამიტომ სამსახურში უნდა აღედგინათ, ასევე მატერიალური და მორალური ზარალი აენაზღაურებინათ, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლია სიხარულიძე მრავალ ხელნაწერს არასათანადოდ და ანტისანიტარულ პირობებში ინახავდა – რესტავრაციის ლაბორატორიაში სხვადასხვა სისქისა და ფორმატის ხელნაწერი ერთმანეთზე იყო შემოწყობილი, ოცდამეერთე საუკუნის ხელნაწერის ერთი რვეული სავარძელში სხვა ქაღალდებს შორის იყო გაბნეული. ხელნაწერები და ძველნაბეჭდი წიგნებიდან მოხსნილი ყდები, ყუები, მინაწერებიანი ფრაგმენტები წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში (უწესრიგოდ, დამტვრეულ და დანაგვიანებულ მდგომარეობაში), აღურიცხავად და აღუწერლად, გამწოვ კარადაში ინახებოდა. ხელნაწერთა შენახვის კლიმატური პირობები (ტემპერატურის, ტენიანობის) იყო გაუარესებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე ამას მხოლოდ უარყოფილი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ამ ძეგლთა მდგომარეობაზე.
სამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სიხარულიძე არმიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის იყენებდა უძველესი წიგნების ყდებს რა დროსაც ხდებოდა მათი განადგურება.
„ის პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთვნილ სარესტავრაციო მასალას, როდესაც ახდენდა გარედან შემოტანილი წიგენეის რესტავრაციას“, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს არ იზიარებს თავად სიხარულიძე და აცხადებს, რომ კუდავამ სასამართლოში ფალსიფიცირებული ფოტომასალა წარადგინა.
„საქმე ჩაწყობილი ჰქონდა. სააპელაციომ გააუქმა ეს ბრძანება, რომელშიც ეწერა, რომ მე ხელნაწერებს უდიერად ვეპყრობოდი და ვანადგურებდი. საბოლოოდ, მე გავიმარჯვე. ვერანაირი საბუთი ვერ მოიტანეს, მაგრამ სამსახურში არ აღმადგინეს“, – ამბობს რესტავრატორი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლები დღესაც კი ძალიან ხშირად აწყდებიან სიხარულიძის არასწორი მეთოდით რესტავირების შედეგებს.
„2006 წელს ქალბატონი ლია სიხარულიძე ჩემს მიერ მართლაც იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან ხელნაწერებისადმი უდიერი დამოკიდებულების, არასწორი რესტავრაციისა და მათი განადგურების გამო. ეს შეუძლია დაადასტუროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძალიან ბევრმა ძველი თაობის და ახალი თაობის თანამშრომელმა, მათ შორის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლებმა, რომლებიც დღესაც კი ძალიან ხშირად აწყდებიან მისი არასწორი მეთოდით რესტავრირების შედეგებს. მას აბსოლუტურ ქაოსში, ერთ სამუშაო ოთახში ჰქონდა ხელნაწერები. სასამართლოში სიხარულიძეს არასოდეს დაუმტკიცებია, რომ იგი არ ანადგურებდა ხელნაწერებს“, – ამბობს კუდავა.
სიხარულიძე კუდავას კიდევ რამდენიმე ბრალდებას უყენებს. რესტავრატორის თქმით, ისტორიკოსმა უნიკალურ ხენლნაწერს „ვანის ოთხთავის“ სახარებას მის მიერ რესტავრირებული ყდა მუყაოს ყდით შეუცვალა, რაც მისი მტკიცებით, დაუშვებელია. გარდა ამისა, ლია სიხარულიძე კუდავას, ქვეყნის გარეთ იმ ხელნაწერების გატანის მცდელობაში ადანაშაულებს, რომელთა ტრანსპორტირებაც დაუშვებელი იყო. მისი ინფორმაციით, 2008 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ინგლისიდან შესთავაზეს, ხელოვნების სამეფო აკადემიაში დაგეგმილ გამოფენაში “ბიზანტია 330-1453”-ში მონაწილოება, რისთვისაც შეირჩა “ვანის ოთხთავი”, “ტბეთის სახარება” და “წყაროსთავის სახარება”. სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ხელნაწერები დაზიანებული იყო და მათი ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა, თუმცა ამის მიუხედავად მაშინდელმა კულტურის მინისტრის მოადგილემ ხელნაწერთა გატანის ნებართვა მაინც გასცა, რადგან კუდავამ მათი მდგომარეობის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. სიხარულიძის თქმით, ინფორმაციის შეტყობის შემდეგ, ხელნაწერთა მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები პატრიარქს თავად გადაუგზავნა, რის შემდეგაც ილია მეორემ იმავე დღეს დაიბარა კულტურის მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და ვითარების ახსნა მოსთხოვა. საბოლოოდ კი ხელნაწერების ინგლისში წაღების ნებართვა გაუქმდა.
კუდავა სიხარულიძის აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ „ვანის ოთხთავის“ სახარების რესტავრაციის სტანდარტები და ნორმები არ დარღვეულა, შესაბამისად, არც ხელნაწერი დაზიანებულა. რაც შეეხება გამოფენაში მონაწილეობას, კუდავა უარყოფს ამ საქმეში პატრიარქის ჩარევას. როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, მან გაითვალისწინა ზოგიერთი ექსპერტის განსხვავებული მოსაზრება, რომ ხელნაწერი ტრანსპორტირებისას, შესაძლო იყო კიდევ უფრო დაზიანებულიყო.
„ამ ექსპონირებასთან დაკავშირებით წარმოიშვა სხვადასხვა აზრი. მიუხედავად ამისა, ჩვენ დამატებით მოვიწვიეთ სპეციალისტები. მათთან და ასევე, ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ აღნიშნულ ხელნაწერებს გამოფენაზე აღარ გავიტანდით. რომ არ ყოფილიყო არანაირი კითხვის ნიშანი და გაურკვევლობა, ჩვენ თავად ვთხოვეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გაუქმება. ეს პატრიარქის თხოვნით არ მომხდარა“, – ამბობს კუდავა.
„კვირა“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც ესტუმრა და რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლებს ესაუბრა. ისინი ადასტურებენ, რომ ლია სიხარულიძე უნიკალურ ხელნაწერებს არასათანადოდ უვლიდა, შეუსაბამო ადგილზე ინახავდა და ანადგურებდა მათ.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბუბა კუდავა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის გამო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნების შესრულებამდე, დახურულია სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები, საცავები, ბიბლიოთეკა და გაუქმდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას სუბიექტურ გადაწყვეტილებას უწოდებენ და გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.
ნიცა ბუხნიკაშვილი