ავსტრიაში გარდაცვლილი ქართველი გოგონას ისტორია – მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა
ავსტრიაში გარდაცვლილ 23 წლის სოფიკო ლოლაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ. ცხედარს აეროპორტიდან რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.
გარდაცვლილის მამა, ზაურ ლოლაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის მადლობას „კვირას“ საშუალებით უხდის.
„რომ არა სახელმწიფოს კეთილი ნება, ჩვენ, ამ ამბით თავზარდაცემულები, არ ვიცი, როგორ მოვახერხებდით ჩემი შვილის გადმოსვენებას. განსაკუთრებული მადლობა ავსტრიაში საქართველოს საელჩოს, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ჩემს მეორე შვილს – ნატალის, რომელიც ავსტრიის პოლიციასთან ერთად დას თავადვე ეძებდა. საკონსულო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩემი შვილის ჩამოსვენება დროულად მოხდეს. პრემიერ-მინისტრს კი მადლობა დახმარებისთვის“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას გარდაცვლილის მამა ზაურ ლოლაშვილი.
პრეისტორია
23 წლის სოფიკო ლოლაშვილმა რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა დაამთავრა. სკოლის დასრულების შემდეგ მას სწავლა არ გაუგრძელებია. 2012 წელს, სოფიკო გერმანიაში დასთან, 31 წლის ნატალია ლოლაშვილთან ჩავიდა, რომელიც იქ 10 წელი ცხოვრობდა. სოფიკო გერმანიაში 1 წლის განმავლობაში მუშაობდა, ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ის ისევ საქართველოში დაბრუნდა. თუმცა, მას გერმანიის საელჩომ ვიზა აღარ გაუგრძელა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ვინაიდან გერმანიის ვიზა ვერ მიიღო, 2014 წლის 30 სექტემბერს სოფიკო ავსტრიაში გაემგზავრა და ვენაში ოპერად მუშაობა დაიწყო.
„თავდაპირველად, როდესაც ვენაში ჩავიდა ერთ-ერთ ოჯახში დაიწყო მუშაობა და პარალელურად, ენის შემსწავლელ კურსებზე დადიოდა. სასწავლო დაწესებულებიდან ის ოჯახი, სადაც ლოლაშვილი მუშაობდა, ძალიან შორს იყო და ამ მიზნით მან ოჯახი გამოიცვალა. ახალ ოჯახში ბავშვებს უვლიდა. დები ერთმანეთს სოციალური ქსელით და ტელეფონით ყოველდღე უკავშირდებოდნენ. კვირაში ერთხელ ნატა დასთან ჩადიოდა და ერთად იყვნენ“, – ამბობს გარდაცვლილის მამიდა ნინო ლოლაშვილი.
საბედისწერო 2015 წლის 29 აპრილი
29 აპრილს, 23 წლის სოფიკო ლოლაშვილი სახლიდან გავიდა, ის ენის შემსწავლელ კურსებზე უნდა წასულიყო, თუმცა იქ არ მისულა. იმავე დღეს ახალგაზრდა მშობლებს და დას ესაუბრა, მაგრამ მათთვის არ გაუმხელია, რომ ვენიდან სხვა ქალაქში გამგზავრებას აპირებდა. სოფოსა და ნატალიას შორის უკანასკნელი სატელეფონო საუბარი 29 აპრილს დღის საათებში შედგა. მას შემდეგ, 23 წლის სოფიკო გაუჩინარდა.
უკვე მეორე დღეს, 30 აპრილს ნატალია ლოლაშვილი გერმანიიდან ვენაში ჩავიდა და დის ძებნა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ პოლიციას ქართველი გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავად იმ ოჯახმა მიაწოდა, სადაც სოფიკო ლოლაშვილი მუშაობდა.
ავსტრიის პოლიცია ქართველ ახალგაზრდას 13 დღის განმავლობაში ეძებდა. ვენის პოლიციამ სოფიკო ლოლაშვილი ავსტრიის ქ. გრაინთან ახლოს, მდინარე დუნაიში დამხრჩვალი იპოვა. ცხედარს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობდა, თუმცა ეს ვერსია მოგვიანებით გამოირიცხა. გამოძიება უბედურ შემთხვევასაც არ გამორიცხავს. გარდაცვლილის მშობლები შვილის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ. ამბობენ, რომ მას შეყვარებული არ ჰყოლია. მათი ინფორმაციით, პირადი ცხოვრების შესახებ დეტალებს სოფიკო დასთან აუცილებლად მოყვებოდა. ამ დროისთვის, საქმეზე რამდენიმე პირი უკვე დაკითხულია.
ავსტრიის პოლიციამ 23 წლის სოფიკო ლოლაშვილის მობილურში შემავალი და გამავალი ზარები, ასევე შეტყობინებები გაშიფრა. მის პირად მობილურზე ბოლო შეტყობინება 29 აპრილის საღამოს, დაახლოებით 18.00 საათზე დაფიქსირდა. ამ დროს ახალგაზრდა ქართველი ავსტრიის ქალაქ გრაინის პიცერიაში მარტო იჯდა.
გრაინი ავსტრიის დედაქალაქიდან დაახლოებით, 230 კმ-ით არის დაშორებული. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სოფიკო ლოლაშვილს გრაინში ჩასასვლელად სამი სხვადასხვა ტრანსპორტი უნდა გამოეცვალა. ოჯახის წევრებისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა ჩასულიყო ახალგაზრდა გოგო მარტო ვენიდან იმ ქალაქში, სადაც არავის იცნობდა.
ავსტრიის სამართალდამცავებმა დაჰკითხეს პიცერიის თანამშრომლები. მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ სოფიკო ლოლაშვილი იქ მარტო იმყოფებოდა და პიცას მიირთმევდა. ამის შემდეგ მან შენობა დატოვა და კვალიც გაქრა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სოფიკო ლოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყვეს, რომელიც „კვირას“ გაუმხილეს.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სოფიკომ ვენაში ქართველი ქალი გაიცნო, რომელმაც ურჩია ლტოლვილად ჩაბარებოდა. სავარაუდოდ, ავსტრიის ვიზას მოქმედების ვადა უმთავრდებოდა და ის დახმარებას დაჰპირდა. უთქვამს, თუ ლტოლვილის სტატუსს მოიპოვებდა, ავსტრიის სახელმწიფო ფინანსურ დახმარებასაც დაუნიშნავდა. ჩვენი ინფორმაციით, სოფიკო ამ ყველაფრის მოგვარებას დის გარეშე ცდილობდა. ალბათ, დის შეწუხება არ უნდოდა და ამ ქართველს ენდო. ჩვენი ვარაუდით, ვენიდან ქ. გრეინში სწორედ ამიტომ ჩავიდა. ეს ქალაქი ავსტრიისა და სლოვენიის სახელმწიფოებს შორის, საზღვარზე მდებარეობს. დარწმუნებული ვარ, ის მარტო ამას ვერ გაბედავდა, მას ვიღაცა ახლდა. თუმცა, პოლიციამ პიცერიის თანამშრომლები დაჰკითხა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა გოგონა მარტო იჯდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ გამოძიებამ ის ქართველიც დაჰკითხა, მაგრამ მდინარეში როგორ აღმოჩნდა ჩემი ძმისშვილი, არ ვიცით… უამრავი კითხვა გვაქვს.
ვიცით, რომ ავსტრიაში საქართველოს საელჩო და ადგილობრივი პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ადგილობრივი პოლიცია და გამოძიება აქტიურად თანამშრომლობს სოფიკოს დასთან. სოფიკოს გადმოსვენებისას ნატალიაც ჩამოვა რუსთავში, ალბათ უფრო მეტ ინფორმაციას მისი ჩამოსვლის შემდეგ შევიტყობთ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გარდაცვლილის მამიდამ ნინო ლოლაშვილმა. მისი თქმით, გამოძიებამ ეს ქართველიც დაჰკითხა, თუმცა რა ჩვენება მისცა, მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფიკო ლოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
იზა შაქარაშვილი