უმცირესობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურების გამარტივების ინიციატივით გამოდის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებული კვორუმის პროცედურის გამარტივების ინიციატივით გამოდის. პარტიის წარმომადგენლებმა: ჩიორა თაქთაქიშვილმა და სერგო რატიანმა ამ მიმართულებით რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდინეს.
მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანშეწონილების საკითხს წყვეტს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია. ამის შემდეგ კი დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დგება, რაზეც გადაწყვეტილება მაღალი კვორუმით – პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ სულ მცირე 76 ხმით მიიღება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება ხმების იმავე რაოდენობით მიიღება, რაც მიზანშეწონილობის საკითხის კენჭისყრისას არის გათვალისწინებული – სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. გარდა ამისა, ამავე პროექტით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, საკითხის ინიციატორს შესაძლებლობა ეძლევა, კომისიის შექმნის საკითხი განმეორებით წარადგინოს, სხვა საჭირო პროცედურების ხელახლა დაწყების გარეშე. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მეორედ ჩავარდნის შემთხვევაში კი, ინიციატორის მოთხოვნით საკითხს განმეორებით ეყრება კენჭი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები