14 ნოემბერი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა
14 ნოემბერი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის, მურმან ლებანიძის დაბადების დღეა.
დაიბადა აზერბაიჯანში, დაბა აღსტაფაში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა.
მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რითმის დინამიკურობა.
იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო’’
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით მეფე აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები − გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი…
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ ზღვას შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეცილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
− რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! −
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი…
ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!
მურმან ლებანიძე