“საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები” – ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა.

ევროპელმა კანონმდებლებმა იმსჯელეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ.

განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. სხდომაზე გაკეთდა როგორც კრიტიკული, ასევე მმართველი პარტიის მხარდამჭერი განცხადებებიც.

საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.

“სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს არ ჰქონდათ თავისუფლად საუბრის საშუალება და კენჭისყრის პროცედურის დროს დაფიქსირდა მრავალი დარღვევა. გარდა ამისა, იყო ძალადობრივი ყალბი ახალი ამბების კამპანია, რომელიც რუსეთის მიერ წარიმართა. ამ ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული მოქალაქეობრივი მისწრაფებების თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდებში. ჩვენი მოვალეობაა, გამოვიყენოთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა ინსტრუმენტი ამ მისწრაფებების შესანარჩუნებლად და დასაცავად”,- აცხადებს ევროპარლამენტარი ჯორჯო გორი.

“საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. “ქართულ ოცნებას” არ გაუმარჯვია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია და ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დახმარებაზეც. ამ ყველაფერს დიდი მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ გზას და ევროკავშირი მხარს უჭერს მათ ამაში”,- აღნიშნა რასა იუკნევიჩიანემ.

“მე ვიყავი საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოს არჩევნებზე . საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ყველამ იცის, ვინც იქ იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ ენდობიან არჩევნების მთლიანობას. იგივე მითხრეს ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლებმა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირე პროვოკაცია და ინციდენტები მოხდა, მაგრამ სხვაგან არაფერი მომხდარა. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხმების სხვაობა 300 000 ხმაზე მეტია. თაღლითობის შესახებ პრეტენზიები ახლოსაც კი არ ემთხვევა “ქართული ოცნების” პარტიის მასიურ გამარჯვებას.

შემდეგ გამოჩნდნენ პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს დესტაბილიზაციას და საპროტესტო აქციების გაღვივებას. ქართველებმა დემოკრატიული არჩევანი ჩაატარეს. მაშინაც კი, თუ ბევრს ეს ევროკავშირში არ მოსწონს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შემდეგ თავის პირველ განცხადებაში ნათლად თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება ხელისუფლების პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა და გაწევრიანების მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან”,- განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიას ლასლომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები