ავთანდილ კუნჭულია: ნებისმიერი განცხადება თუ მოწოდება კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, თანაც უარგუმენტო, სრულად არის დაცლილი რეალობისგან
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია განმარტავს, რომ ნებისმიერი განცხადება თუ მოწოდება ამ კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, თანაც უარგუმენტო, სრულად არის დაცლილი რეალობისგან.
კუნჭულია ევროპელი ლიდერების ნაწილის მიერ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის კანონების გაუქმების მოთხოვნას, გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ირჩევს გამჭვირვალობას, როგორც ევროპულ სტანდარტს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ერთი მცირე ჯგუფის მიერ იყო გარკვეული ვნებათაღელვა, თუმცა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, რომელიც ამ კანონთან მიმართებით, ფაქტობრივად, რეფერენდუმის ტოლფასიც კი იყო, ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ის ირჩევს გამჭვირვალობას, როგორც ევროპულ სტანდარტს. ისინი ირჩევენ ოჯახური ღირებულებების, ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვას. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება თუ მოწოდება ამ კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, თანაც უარგუმენტო, სრულად არის დაცლილი რეალობისგან“, – განაცხადა ავთანდილ კუნჭულიამ.