ბალტიისპირეთში შექმნილმა რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო არხებმა შესაძლოა, საქართველოც დაფარონ

ბალტიი პირეთის გარდა რუსულ პროპაგანდას საქართველოც ებრძვის, თუმცა აღნიშნული რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებით ხელისუფლებას ამ პრობლემასთან გამკლავება გაცილებით უფრო მარტივად უხდება.
ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში მაუწყებელი ტელევიზიები პროდასავლური კურსის მიმდევრები არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელების საფრთხე სრულად განეიტრალებულია. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა, კერძოდ კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. იმ ფონზე, როდესაც ბალტიისპირეთი რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად, რუსულენოვანი არხის შექმნაზე მუშაობს, საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე მხოლოდ საინფორმაციო შეხვედრებითა და ვებგვერდებზე ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი დადებითად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რუსული პროპაგანდის საფრთხეები და პრობლემა არამარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის, არამედ ბალტიის ქვეყნებმაც გაითავისეს.
„ამ მიმართულებით, ჩვენ როგორც ერთ-ერთი აღმოსავლეთ პარტნიორი მზად ვიქნებით ნებისმიერ პროექტში ჩავერთოთ, რომელიც სტრატეგიულ კომუნიკაციას ითვალისწინებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბალტიისპირეთსა და საქართველოს შორის კონცეპტუალური განსხვავებაა, რადგან ბალტიისპირეთის მთავარი პრობლემა დიდი რაოდენობით რუსულენოვანი მოსახლეობაა, რომლებიც რუსულენოვანი მედიასაშუალებების გავლენის ქვეშ არიან. ეს კი მთავრობის მხრიდან შესაბამის კომუნიკაციას და პრევენციას საჭიროებს. საქართელოს შემთხვევაში კი ჩვენი ძირითადი ტელეარხები პირიქით პროდასავლურები არიან და მოსახლეობას დასავლურ ფასეულობებზე მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიან”, – განუცხადა “პირWელს” რაქვიაშვილმა.
თუმცა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოსავლეთ პარტნიორებს, ბალტიის ქვეყნების მიერ შექმნილი რუსულენოვანი არხიც დაეხმარება. მარიამ რაქვიაშვილის თქმით ერთ-ერთ დისკუსიაზე, რომელშიც ისიც მონაწილეობდა ამ არხის მიერ, სხვა რეგიონების დაფარვაზეც იყო საუბარი.
„არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ იმ არხებს, რომლებიც ბალტიისპირეთში შეიქმნება, საკმაოდ ფართო გავლენა ექნება და არამხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, არამედ პოლონეთი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დაიფარება. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ტელეარხი ჩვენთვისაც ერთ-ერთი ალტერნატივა იქნება, რომელიც შეძლებს ჩვენი რეგიონების დაფარვას. ანუ ეს შეიძლება ყოვლისმომცველი მიდგომა იყოს ამ პრობლემის გადასაჭრელად. იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს იყოს უნივერსალური რუსულენოვანი არხი. ამ არხების ერთ-ერთი მიზანი, აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართაც დახმარების გაწევაა. აქედან გამომდინარე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის პოზიტიური განხორციელების შემთხვევაში, ჩვენი რეგიონებიც იქნებიან სწორედ ის ბენეფიციარი, რომლებიც ასეთ ინფორმაციას საჭიროებს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

წყარო: „პირWელი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები