თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა მოსკოვში რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშკრულებები იყო. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ე.წ. ხელშკრულებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულებები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„გუშინდელი დღიდან მოყოლებული ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა გააკეთეს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და დაგმეს რუსეთის ქმედება. არის მკაფიო მოწოდებები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადგილზე არ არის არანაირი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება აიღოს. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ასევე უფრო მკაფიოდ ამ საკითხის საერთაშორისო ფორმატებში წამოწევა. საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც ქვეყანას გააჩნია“,- განაცხდა თამარ ბერუჩაშვილმა.