„გაფორმებული ხელშეკრულება ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთთან მიერთებას ნიშნავს“

სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება შეაფასა.
მაისაიას განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი ძალიან საშიშია და ის ფაქტობრივად ოსეთის რუსეთთან მიერთებას ნიშნავს. ექსპერტის თქმით, ამ ფონზე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს აზრი ეკარგება, რადგან ეს ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ყირიმიზაციას ნიშნავს.
„ეს არის ხელშეკრულება ინტეგრაციის შესახებ, ამიტომაც ეს უფრო საშიშია, ვიდრე აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება. აფხაზეთთან დადებულ ხელშეკრულებას სარეგიონო მოკავშირეობის ხელშეკრულება ჰქვია, აქ კი პირდაპირ ინტეგრაციაზეა საუბარი. ხელშეკრულებაში მითითებული ყველა მუხლი საკმაოდ საშიშია, პირველივე მუხლში კავკასიის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ერთიანი გეოსტრატეგიული არეალი. აქვე პირდაპირ წერია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, ფაქტობრივად რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების შემადგენლობაში შედიან.
ამავე ხელშეკრულების მესამე მუხლის მიხედვით უქმდება ყოველგვარი საზღვარი და საბაჟო კონტროლი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის. ხელშეკრულების თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რუსეთის შესაბამის უწყებებთან შერწყმა მოხდება. ხელშეკრულების მე- 12 მუხლში პირდაპირ მითითებულია, რომ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი ახორციელებს საფინანსო საკრედიტო პოლიტიკის სრულ რეგულაციას. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჟენევის ფორმატში ამ ეტაპზე მიმდინარე მოლაპარაკებებს აზრი ეკარგება. თუ მოხდება ინტეგრაცია, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს სრულად დააფინასებს. ეს ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის ყირიმიზაციას უდრის“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები