“საწვრთნელი ცენტრის შექმნა ნატოსთან დაახლოების კუთხით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნის შესახებ ისაუბრა.
ქუთელიას განმარტებით, აღნიშნული ცენტრის შექმნა ნატო -საქართველოს თანამშრომლობის პაკეტის ნაწილია. მისი განმარტებით, ეს ცენტრი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს გზა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გადის.
„ეს ნატოსთან დაახლოების კუთხით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ეს საერთაშორისო მისიებში საქართველოს იმ წვლილის აღიარებაა, რომელიც ჩვენ გავიღეთ. ამ ცენტრის ამოცანაა, რომ როგორც ქართველი, ისე ჩვენი ნატოელი პარტნიორების სამხედროების მომზადება, გადამზადება და გაწვრთნა მოხდეს იმ ამოცანების შესაბამისად, რომელიც ნატოს და საქართველოს დღის წესრიგში დგას. ეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეს ასევე პოლიტიკურ კონტექსტშიც, რადგან ეს ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ყოფნის გაძლიერებაა. ეს გზა და ეს ვექტორი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გადის“,- განაცხადა ბათუ ქუთელიამ. რაც შეეხება რუსეთის დამოკიდებულებას აღნიშნული ცენტრის მიმართ, ქუთელიას განცხადებით, რუსეთი ამ საქმეში ვერ ჩაერევა, რადგან საქართველოს სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტოს, თავის ტერიტორიაზე ჰქონდეს ის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც მის ინტერესებს და სამომავლო განვითარების სტრატეგიას და შეესაბამება.