“რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული „ხელშეკრულება“ საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ანექსიად აფასებს. როგორც ქუთელიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აღნიშნული ხელშეკრულება ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას გამოიწვევს, რაც საქართველოს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური კუთხით პირდაპირ საფრთხეს უქმნის.
„ამ ხელშეკრულებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ გააჩნია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის გეგმებს და იმას, რომ რუსეთის პოლიტიკა მისი მეზობლებს მიმართ ძალადობაზე იქნება დაფუძნებული. ეს ანექსიაა და საქართველოს პირდაპირ – როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური კუთხით საფრთხეს უქმნის. ამ ხელშეკრულების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალები გაძლიერდებიან. რაც შეეხება ეკონომიკურ საფრთხეებს, ის ძალიან მაღალია. როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, ეს ბიზნესისთვის და ინვესტიციებისთვის სერიოზული ბარკოლებაა. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად კარგად გათვლილი საგარეო პოლიტიკის გატარებაა საჭირო“,- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.
რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების დაპირებას, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ერთი მილიარდით დახმარებას და სოციალური პროგრამების დაფინანსებას გულისხმობს, ქუთელიას თქმით, ეს მხოლოდ სატყუარაა და რეალურად ნაკლებად მსალოდნელია, რომ რუსეთმა ფინანსური დახმარება გაუწიოს ოკუპირებულ რეგიონს.
„თუ გადავხედავთ რუსეთის დაპირებებს, რომლებიც სხვადასხვა დროს დაფინანსების კუთხით გასცა, არ შესრულებულა. სავარაუდოდ, არც ამჯერად დასრულდება ეს წარმატებით. მეეჭვება იმ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რომელიც რუსეთს აქვს, ერთი მილიარდით დაეხმაროს ოკურირებულ რეგიონს, ეს უბრალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაგდებული სატყუარაა“,- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი გუშინ კრემლში მოაწერეს.