„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში ხალხს 20-30 ლარს უხდის, რომ აქციაზე ჩამოვიდნენ”

„ნაციონალური მოძრაობის“ 21 მარტის აქციის ორგანიზატორები რეგიონებში მოსახლეობას 20-30 ლარს ურიგებენ, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღონ“, – აღნიშნული განცხადება „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ნიკა მემანიშვილმა და ლექსო კობაიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთეს. უფლებადამცველთა განცხადებით, ისინი დაზუსტებულ ინფორმაციას ფლობენ იმის შესახებ, რომ ხალხისთვის თანხის გადახდა რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებს დაევალათ.

„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ მზად არის, იმ ადამიანებს, ვინც თანხის სანაცვლოდ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მისვლას, ეს თანხა თავად აუნაზღაუროს იმ დათქმით, რომ ისინი აქციაზე არ გამოცხადდებიან.
„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ ეს ანგარების გამო არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოების ნაწილი სწორედ თანხის გამო მიდის 21 მარტის აქციაზე. ადამიანები 20 და 30 ლარის გულისთვის მოდიან ისეთი ხალხის აქციაზე, ვინც 9 წელი მოსახლეობას აუპატიურებდა. მიუღებელია, როდესაც ასეთი ძალის გვერდით დგება საზოგადოება. ჩვენ არ დავუშვებთ რომ ამ ჭირმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი კომფორტულად იგრძნოს. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებს აქვთ დავალებული, რომ თანხები გადაუხადონ და მათი თბილისამდე ტრანსპორტირება უზრუნველყონ. ამ რეგიონებს შორისაა კახეთი, სამეგრელო, ქალაქები: რუსთავი, თერჯოლა, ქუთაისი… ჩვენ გთავაზობთ, იმ თანხებს, რასაც ისინი გაძლევენ, ჩვენ გადაგიხდით, საკუთარ ოჯახს მოვაკლებ და თქვენ მოგცემთ ჩემი ჯიბიდან. მობრძანდით ჩვენთან, ფალიაშვილის 14- ში და აგინაზღაურებთ ამ თანხას, ოღონდ ქვეყნის საზიანოდ ფულის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე არ გამოცხადდეთ“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.
უფლებადაცველთა თქმით, გამორიცხული არ არის, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი გარკვეულ პროვოკაციებზე წავიდნეს. როგორც ნიკა მემანიშვილმა განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ მათი ქვეყნის მმართველობაში დაბრუნების ერთადერთი საშუალება დესტაბილიზაციაა, ამ მიზნისთვის კი ისინი უკან არაფერზე დაიხევენ.
„ნაციონალებმა“ კარგად იციან, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი შანსი დესტაბილიზაციაა. სხვანაირად ისინი ვეღარ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, რადგან ყველას ახსოვს სისხლიანი 9 წელი. აქედან გამომდინარე, მათგან გამორიცხული არაფერია. ისინი პროვოკაციებს გეგმავენ. ეს არნახული სიბოროტის ხელისუფლება იყო, დაარბიეს აქციები, მოკლეს ახალგაზრდები, დაატერორეს ბიზნესი. მათ არა აქვთ მორალური უფლება, დღეს ხალხის სახელით ისაუბრონ. ეს პარტია ჩვენი ისტორიის სისხლიანი წარსულია, ჩვენ კი წინ ვიყურებით. ქართველი ხალხი გონიერია და არ დაუშვებს იმას, რომ თანხის სანაცვლოდ ფასეულობებზე უარი თქვას“,- განაცხადა ნიკა მემანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები