„წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ ასეთ ხელშეკრულებებზე რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლით ვახორციელებთ შტურმს“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას ისეთივე ძალა აქვს, როგორი ძალაც აქვს 80-ზე მეტ სხვა ასეთი ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია, როგორც აფხაზეთთან, ასევე ცხინვალთან.
„ჩვენი ხელისუფლება ყველა ასეთ ნაბიჯზე ძლიერ მხარდაჭერას იღებს საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ კარგად მუშაობს ჩვენი დიპლომატია. ასეთ ხელშეკრულებებს წინა ხელისუფლების მხრიდან ადრე საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა და ჩვენ სერიოზულ შტურმს ვახორციელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და ნულზე დაგვყავს ამ ტიპის ხელშეკრულების ნებისმიერი იურიდიული ძალა”, – აცხადებს მინისტრი ზაქარეიშვილი.
სახელმწიფო მინისტრი მეგობარ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებას აფასებენ, როგორც უკანონო და იურიდიულად ძალის არმქონე დოკუმენტად, მადლობას უხდის და ამბობს, რომ რუსეთის „დესტრუქციას უნდა ვუპასუხოთ კონსტრუქციით”.
„რუსეთის ამ საკმაოდ უღიმღამო ქცევაში ჩანს, რომ მას სხვა გზა არ გააჩნია, უკრაინისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ფონზე. სხვა რესურსები არ გააჩნია, გარდა ამ ქაღალდების შრიალისა. მას სურს, ამ ფორმით ჩაიყოლიოს საქართველო კონფრონტაციაში და შეაცვლევინოს პოლიტიკა”, – ამბობს ზაქარეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოს პოლიტიკა.
სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ პოლიტიკასთან ერთად არ უნდა შეცვალოს არსებული ფორმატებიც. ზაქარეიშვილის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ გაყო საკითხები, რომელიც გვარდება და რომელიც ვერ გვარდება.
„რომელიც ვერ გვარდება, ის განიხილება ჟენევაში, ხოლო რომელიც გვარდება, პრაღაში”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.