დიმიტრი სანაკოევი: რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიების ანექსიაა

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინიტრაციის დროებითი უფროსის განცხადებით, რუსეთი ისე იქცევა, როგორც სურს და რჩება დაუსჯელი, – ამის შესახებ დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე იმყოფება.
მისივე შეფასებით, ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის მხარე დგამს, არის საქართველოს ტერიტორიების ანექსია. სანაკოევის განცხადებით, რუსეთი ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს, რომ მისთვის სხვა ნორმები მოქმედებს.
„პროვოკაცია რუსეთის მხრიდან არ დაწყებულა დღეს. ის საქართველოს ტერიტორიების ანექსიით დაიწყო როგორც აფხაზეთში, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთში მას შემდეგ, რაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა. ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის მხარე დგამს, არის ჩვენი ტერიტორიების პირდაპირი ანექსია. ის ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს, რომ მისთვის სხვა ნორმები მოქმედებს. რთულია დღეს, აქ მოლაპარაკებებზე ყოფნა იმ ფონზე როდესაც მოსკოვში შეთანხმებას ეწერება ხელი. სამწუხაროა, რომ რუსეთი ისე იქცევა, როგორც სურს და რჩება დაუსჯელი“, – განაცხადა სანაკოევმა.
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს უნდა მოეწეროს. ე.წ. შეთანხმებას ხელს მოაწერენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი.
შეთანხმება 25 წლის ვადით, შემდგომ პერიოდებში მისი გაგრძელების შესაძლებლობით ფორმდება.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებათა 31-ე რაუნდი მიმდინარეობს. ჟენევის მოლაპარაკებები გაეროს, ევროსაბჭოსა და ეუთოს შუამავლობით რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ტარდება. პირველი მოლაპარაკებების 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. მოლაპარაკებები წელიწადში ოთხჯერ იმართება, სადაც რუსეთს და საქართველოს შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები